სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: ალექსეი ნავალნისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია, ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი?

„ალექსეი ნავალნი ცნობილია საქართველოს მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. უფრო მეტიც, ის ღიად იწონებდა რუსეთის მიერ 2008 წლის აგრესიას საქართველოზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც პოსტშია აღნიშნული, სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ, გმირად აქციო ადამიანი, რომელიც ცნობილია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის მხარდაჭერით, სულ მცირე, უღირსი საქციელია.

„დემოკრატიული ღირებულებებისადმი პატივისცემა უპირველეს ყოვლისა, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა. ქართველებისთვის ნაკლებად საინტერესოა, რუსეთში რომელი პოლიტიკური ძალა რა დაკვეთას ასრულებს და რას ემსახურება. ეგ რუსი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს საქართველოსთან მიმართებით. ვინ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად.

ამ მხრივ ალექსეი ნავალნი ცნობილია საქართველოს მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. უფრო მეტიც, ის ღიად იწონებდა რუსეთის მიერ 2008 წლის აგრესიას საქართველოზე. მისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი? მთელი დღეა ოპოზიციის წერილებს ვკითხულობთ, თუ როგორი დემოკრატიის შუქურა იყო ნავალნი რუსეთში და სააკაშვილი საქართველოში. სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება და მითუმეტეს, დასაგმობია, თუკი ეს მკვლელობაა. მაგრამ, ელემენტარული ეროვნული ღირსებაა, რომ ადამიანი, რომელიც ასე ღიად არის ცნობილი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის მხარდაჭერით და ქართველების შეურაცხყოფით, გმირად არ აქციო. არ ვიცი, როგორ დემოკრატიას აშენებდა ალექსეი ნავალნი რუსეთში, მაგრამ სხვა ქვეყნის ოკუპაცია და შეურაცხყოფა რომ დემოკრატია არ არის, ეს ცხადია. რაც შეეხება სააკაშვილს, მისი “დემოკრატია” სისხლით არის ნაწერი.

გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე, ჩვენ მუდამ “სხვა რუსეთის” ძიებაში ვართ, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავთ. რუსეთს, ისევე როგორც სხვა ქვეყანას, საკუთარი ინტერესების გატარება სურს საქართველოში. მათი ენა იარაღია და ამას წარმატებით იყენებენ. აქ მთავარი ჩვენ ვართ, რომ გამოვიჩინოთ გონიერება და ვაწარმოოთ სწორი პოლიტიკა მათთან, რათა შევძლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძლიერი პოლიტიკოსი მაშინ ხარ, როდესაც მტერთან შეძლებ საუბარს, თორემ მოყვარესთან ღიმილი ყველას შეუძლია. საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა ამ მხრივ რთული, მაგრამ შედეგზე ორიენტირებულია,” – წერს Facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს...

ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას?„კიდევ ერთხელ, კარგად რომ გავიაზროთ ბახმაროს შეკრების სკანდალის მასშტაბი, დამოუკიდებლად იმისა დაარღვია თუ არა ევროსაბჭომ კანონი:ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს. საუბარია პოლიტიკოსზე, რომელიც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას განყოფილების პარტიული სიით იყო დეპუტატი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი უშუალოდ დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით მონაწილეობდა.ორი წლის წინ, არჩევნების ღამეს სწორედ ის აცხადებდა: „ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს. გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება“. მანამდე, ის არც 2020 წლის არჩევნებს ცნობდა.ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს? ნათელია, რომ ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს აძლიერებს და თავად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობას და სანდოობას აზიანებ,”- წერს პაპუაშვილი. 

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. "საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. "მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის დაკავებასტან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

„ევროპის სახალხო პარტია“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს. „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“. „EPP-ისთვის კარგად არის ცნობილი მისი პირადი წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რომელსაც თანმიმდევრულად ატარებდა, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში

საია – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიციის“ განცხადებაში.როგორც საია განმარტავს, ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას, ამავე დროს, საია უთითებს, რომ პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან მიმართებით.„საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა. საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის (ირაკლი მილაძის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას.ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით (19.05.2026), საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. ხოლო, გადაწყვეტილებიდან მალევე, შეიქმნა და ამოქმედდა შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს.საია უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის შემდგომი პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.საია განაგრძობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა არსებული კრიზისის პირობებში საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის პრაქტიკებს უკავშირდება”, - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა.არსებული ინფორმაციით, მან მერის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.შეგახსენებთ, გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერად 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს. კანდიდატად წარმოდგენილი იყო პარტია „ქართული ოცნების“ მიერ.

ბოლო სიახლეები