„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, ოპოზიციონერი დეპუტეტების – ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა.
„დღეს პარლამენტის ეთიკის კომისიაში შევიტანე განცხადება დეპუტატების, ანა ნაცვლიშვილის და სალომე სამადაშვილის, მიერ ჩემს წინააღმდეგ ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე. იმას, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 2 მარტს, გამართლება არ აქვს. გარდა იმისა, რომ იმ დღეს ორივე დეპუტატმა შეურაცხყოფა მომაყენა, ჩემს მიმართ ზეწოლა გრძელდება მათი საკუთარი მედიასაშუალებების მხრიდან“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ვალდებულია, თანასწორად ეპყრობოდეს ყველა მოქალაქეს პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის მიუხედავად.
„ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი პატივს უნდა სცემდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ კოდექსის მიხედვით მივიჩნევ, რომ დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა დაარღვიეს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი და მივმართე კომისიას განსახილველად. პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზნეობასა და ეთიკას მოკლებული ადამიანები უნდა მოღვაწეობდნენ. მათ ჩვენ ვუხდით ხელფასებს და ასეთ მდაბიო ქმედებას არ უნდა სჩადიოდნენ. შეიძლება, რიგით ადამიანს ეპატიოს მსგავსი ქმედება, მაგრამ პარლამენტის წევრს – არა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე