არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ რთული საუბარი იყო, თუმცა შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ელოდა.
„ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, რაზეც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე მოხდა პოზიციების დაახლოება, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ, ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.