უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ “კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის”.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თეზისი უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ ცნობილი რუსული ნარატივია, რომელსაც მოსკოვი იყენებს დასავლეთის ქვეყნების დასარწმუნებლად, შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა.
“რა თქმა უნდა, ომის დროს უამრავი სხვადასხვა შემთხვევაა. რთულია სასამართლო სისტემისთვის ყველაფრის კონტროლი. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას ვებრძვით და გვესმის, რომ არცერთი დოლარი, არცერთი ევრო, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან არ არის მოპარული”, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
“ახლა მან [ჟან-კლოდ იუნკერმა] გადაწყვიტა რუსული ნარატივის გახმოვანება, რადგან ყველას დაავიწყდა ვინ არის ის. მე ვფიქრობ, რომ ეს სისულელეა. მაგრამ ის მოხუცი კაცია. მშვიდობას ვუსურვებ”, – დასძინა ზელენსკიმ.