პარასკევი, აპრილი 17, 2026

ვლადიმერ პუტინი – ვეთანხმებით ზავის იდეას, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დავურეკოთ ტრამპს და მასთან განვიხილოთ

ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკასენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად  გამოიყურება როგორც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სინამდვილეში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის ყველაზე დაჟინებული გზით იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ადგილზე. ალბათ ყველამ ნახა, რომ გუშინ ვიმყოფებოდი კურსკის ოლქში და მოვისმინე გენშტაბის უფროსის, დაჯგუფება „სევერის“ უფროსისა და მისი მოადგილის ანგარიში საზღვრისპირეთში, უპირველეს ყოვლისა კურსკის ოლქში არსებულ სიტუაციაზე. რა ხდება იქ? იქ სიტუაცია მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ არის და დაჯგუფება, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, იმყოფება სრულ იზოლაციაში. უკრაინული ძალების მართვა ამ შემოჭრის ზონაში დაკარგულია. თუ 1-2 კვირის წინ უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ იქიდან მცირე ჯგუფებით გასვლას, ახლა ეს შეუძლებელია. ისინი ცდილობენ იქიდან გასვლას ორ-სამკაციანი ჯგუფებით, რადგან ყველაფერი ჩვენი სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის. ტექნიკა მთლიანად მიტოვებულია, მისი გაყვანა შეუძლებელია. ის იქ დარჩება, ეს უკვე გარანტირებულია. უახლოეს დღეებში თუ მოხდება ფიზიკური ბლოკირება, მაშინ გასვლას უკვე საერთოდ ვეღარავინ შეძლებენ. იქნება მხოლოდ ორი გზა – ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, „ასეთ პირობებში უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ზავის მიღწევა თუნდაც 30 დღით. პუტინის თქმით, ამას რუსეთი მხარს უჭერს, თუმცა არის ნიუანსები“

„რაში მდგომარეობს ეს ნიუანსები. პირველი – რა უნდა გავაკეთოთ კურსკის ოლქში ამ შემოჭრის მონაკვეთთან დაკავშირებით? ჩვენ თუ ვწყვეტთ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით, რას ნიშნავს ეს? ყველა, ვინც იქ იმყოფება, უნდა გავიდეს ბრძოლის გარეშე? ჩვენ ისინი უნდა გავუშვათ იქიდან იმის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მისცემს მათ ბრძანებას, დაყარონ იარაღი და უბრალოდ ჩაბარდნენ ტყვედ? როგორ იქნება ეს? გაუგებარია. როგორ გადაწყდება სხვა საკითხები შეხების მთელი ხაზის გასწვრივ, ეს კი თითქმის ორი ათასი კილომეტრია. იქ კი, როგორც იცით, რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე და იქაც იქმნება პირობები, რომ ჩვენ საკმაოდ მსხვილი დანაყოფების ბლოკირება მოვახდინოთ.

ანუ, როგორ მოხდება ამ 30 დღის გამოყენება? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ მიაწოდონ იარაღი? იმისთვის, რომ მობილიზებულმა დანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მაშინ ჩნდება კითხვა – როგორ გადაწყდება კონტროლის, ვერიფიკაციის საკითხები? როგორ მივიღებთ გარანტიას, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, საღი აზრის დონეზე ყველასთვის გასაგებია, რომ ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს განკარგულებებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და როგორია ამ ბრძანებების ფასი? წარმოგიდგენიათ, თითქმის ორი ათასი კილომეტრია. ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმება? და შემდეგ, ვინ ვის გადააბრალებს ამ შეთანხმების დარღვევას? ამ საკითხებს სჭირდება ორივე მხრიდან დეტალური შესწავლა. ამიტომ, თავისთავად იდეა სწორია და ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვუჭერთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც, პარტნიორებთან, შესაძლოა, ტრამპს დავურეკოთ და მასთან განვიხილოთ, თუმცა თავისთავად ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების იდეა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია“,- აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა, ასევე, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც, მისი თქმით, „ამდენ დროს უთმობს უკრაინაში ვითარების დარეგულირებას“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.მან ასევე ისაუბრა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეის შესახებ და აღნიშნა, რომ ღონისძიების ლაიტმოტივი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა.„რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც ამ ღონისძიებასაც ლაიტმოტივად გასდევდა, იყო მშვიდობის დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. ამ მხრივაც მოვისმენთ თურქული მხარის პოზიციებს და გავიგებთ, თუ რა ხდება მოლაპარაკებებში, რამდენადაც ამ მოლაპარაკებებში თურქეთი აქტიურად არის ჩართული. ღონისძიება გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დასრულების შემდეგ იქნება რეზოლუცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და იქნება ყველა მოწოდება ყველა ქვეყნისათვის, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის შეხვედრა უახლოეს წუთებში დაიწყება.ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ირლანდიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ კოორდინირებული მიდგომა გააძლიერებს როგორც ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ციფრულ სივრცეში, ისე მსხვილი ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას.როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე განიხილავს შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული წინადადებებია წარმოდგენილი, სხვადასხვა მინიმალური ასაკითა და დაცვის მექანიზმებით, რაც ევროკავშირში არაერთგვაროვანი წესების შექმნის რისკს აჩენს.მაკრონს სურს, ეს ინიციატივები ევროკავშირის დონეზე ერთიანი იყოს.საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს. პორტუგალიის პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 13-დან 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის მშობლების მკაფიო თანხმობა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა. ამის შესახებ სვირიდენკომ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.სვირიდენკომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახაზინო მდივანთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრა პოზიტიური და მეგობრული იყო.„ვფიქრობ, ბესენტი უკრაინის გვერდით დგას და უკრაინას უჭერს მხარს“, – განაცხადა სვირიდენკომ.მისი თქმით, შეხვედრის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა შესუსტდეს, გადაიდოს ან გაუქმდეს.სვირიდენკომ აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორები სრულად აცნობიერებენ სანქციების გამკაცრების მნიშვნელობას, რათა რუსეთი დასუსტდეს და სანქციების გვერდის ავლის გზები შეიზღუდოს.უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დასრულება მისი ოცნებაა, თუმცა ეს უნდა მოხდეს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებით, ეკონომიკური განვითარების გეგმითა და ქვეყნის აღდგენის პროგრამით.„უკრაინელ ხალხს იმ ცხოვრების უფლება აქვს, რომელსაც იმსახურებს, რადგან ისინი ასე გამორჩეულად იბრძოდნენ“, – განაცხადა სვირიდენკომ.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა იგრძნო.„ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ჩემი პირველი აზრი ის არის, რომ ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა სვირიდენკომ და აღნიშნა, რომ განწყობა უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე წინა შეხვედრებზე.ამასთან, „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.სვირიდენკომ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, სადაც ვიქტორ ორბანი ხელისუფლებიდან წავიდა, შესაძლებელი გახდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება, ასევე 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცება, რომელსაც ბუდაპეშტი ბლოკავდა.მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზეც.„ყველა უკრაინელი თავს ევროკავშირის ოჯახის ნაწილად გრძნობს და ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იქ ყოფნას. ახლა ჩვენთვის შესაფერისი დროა, უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებული გზა მივიღოთ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ კარგად მოიქცევა, თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება, მშვიდობა საბოლოოდ უნდა დამყარდეს

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი „ჰეზბოლას“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.„იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად მოიქცევა. თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება. მკვლელობები აღარ იქნება. საბოლოოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.როგორც ტრამპი აღნიშნავს, შესაძლოა, ეს ისტორიული დღე იყოს ლიბანისთვის.

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ. ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას. "ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ — განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები