ვინ არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველ მოსმენაზე

Read Time:1 Minute, 36 Second

ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძე – ამ 5-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ნატო ჩხეიძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ამის მიზეზები პოლიტიკოსებმა რიგგარეშე სხდომაზე ახსნეს.

ალექსანდრე ერქვანიას განმარტებით, სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება.

„ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“, – ეს პოზიცია კი დავით ჭიჭინაძემ დააფიქსირა.

ბიძინა გეგიძე კი იმ მოტივით არ უჭერს ცვლილებებს მხარს, რომ მისი თქმით, „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.

თავის მხრივ, ემზარ კვიციანი ამ ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.

ნატო ჩხეიძის პოზიციით კი, ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

„ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.

სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა, რაშიც დემოკრატიული არჩევნები არ ჯდება, ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ
Next post არჩილ თალაკვაძე – ჩვენ წარვდგებით არჩევნებზე განახლებული, სოლიდური პროგრამითა და განახლებული პოლიტიკური გუნდით