სამშაბათი, აპრილი 7, 2026

ვინ არის ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარის ბერი მამა ნაუმი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

საკმარისია მიენდო და გული გადაუშალო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზს, რომ მთელ გულსა და სულს მალამოდ დაედება და სულიერ იარებს მოგიშუშებს. ყინწვისის ხსენებისას, მაშინვე წმინდა ნიკოლოზის სახელობის მადლიანი ტაძარი და მისი დიდებული ფრესკები გახსენდება.

განსაკუთრებით – აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფრესკა, წმინდა მეფე თამარის, მისი ვაჟის ლაშა-გიორგის და მეფე გიორგი III-ის. რამდენჯერაც არ უნდა მოილოცო ყინწვისი, მისი ნახვის სურვილი არასდროს განელდება.width=600

მამა ნაუმი (მაჩუტაძე), თითქმის 21 წელია, ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს. ამბობენ, რომ ის უამრავ დაავადებას კურნავს. მის მიერ განკურნებული ხალხის ისტორიები ლეგენდებად გავრცელდა მთელ საქართველოში. ტაძარში დასალოცად მიჰყავთ განურჩევლად დიდი თუ პატარა. სულერთია, რომელ დაავადებას ებრძვის ადამიანი, მამა ნაუმი ყველას უსასყიდლოდ იღებს და ლოცავს.

ლოცვა-კურთხევის შედეგად, ბევრი ადამიანი განიკურნა სიმსივნისგან, ბევრს დაუბრუნდა სმენა, მხედველობა, მეტყველების უნარი. ზოგი ეტლიდან წამოდგა, ზოგმაც ყავარჯნების გარეშე შეძლო სიარული…

ერთი შეხედვით, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები უტყუარია – არსებობენ ადამიანები, მეორედ ნაჩუქარი სიცოცხლით.

მამა ნაუმი დაახლოებით, 24 წელია, რაც მართმადიდებლურ სამყაროში მოღვაწეობს. ინფორმაციია მისი ერისკაცობის შესახებ ძალიან მწირია. უცნობია ისიც, თუ რატომ გადაწყვიტა უფლის გზას დასდგომოდა, არც ის ვიცით, როდის მიეცა ადამიანების განკურნების ნიჭი. თავად არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მასზე მის ახლობელი, ზაზა სახამბერიძე ჰყვება:

„ყველა ადამიანს, რომელიც დიდ რწმენაშია და ბერული ცხოვრებით ცხოვრობს, ღვთიური მადლი გადაეცემა. მამა ნაუმი დიდად ღვაწლმოსილია. სულ ლოცვაშია, ალბათ, ამიტომ მისცა უფალმა ადამიანების განკურნების ნიჭი. თამამად ვიტყვი, რომ მას შეუძლია შენი განსაცდელი გაიგოს. დაგინახავს და მიხვდება, რა გაწუხებს, რა გიჭირს. 12 წლის წინ, ერთი ამბავი გადამხდა თავს. ჩემს მეუღლეს გარე ორსულობა დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს. აღდგომის დღესასწაული მოდიოდა და მეგობრებთან ერთად მამა ნაუმთან წავედი ყინწვისში. მე მასთან, რაღაც პერიოდი ვცხოვრობდი. ის, რაც ჩემს თავს მოხდა, გარეგნულად არ მეტყობოდა. მამა ნაუმმა, რომ მნახა, მკითხა, რა მჭირდა. არაფერი-მეთქი ვუპასუხე. ბიჭებს სთხოვა, დავეტოვებინე და ღვთისმშობლის ლოცვა წამიკითხა. როცა უკვე დასაძინებლად მივდიოდი მითხრა: ერთ-ერთ დღესასწაულზე დიდი სიხარული გეწვევა, ხოლო მომდევნო დღესასწაულზე, ორმაგად გაიხარებო. იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე გავიგე, რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, ხოლო თავის კვეთის დღეს მითხრეს, რომ ბიჭი შემეძინებოდა. გაიარა ამ ყველაფერმა, ისევ ჩავედი ყინწვისში, ვნახე მამა ნაუმი და პირდაპირ მკითხა, როგორ გყავს ბიჭიო. მაშინ გამახსენდა ყველაფერი. ამიტომ ვთქვი, ის ყველაფერს გრძნობს, რაც შენში ხდება. ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ბიჭები ხშირად დავდივართ მასთან. ერთ დღესაც ისევ ავედით ყინწვისში. მე დარჩენა გადავწყვიტე, ბიჭებიც არ მიდიოდნენ შორს, იქვე, დასახლებაში უნდა ჩასულიყვნენ.  მამა ნაუმმა მათ უთხრა, რომ მანქანით არ წასულიყვნენ. არ დაუჯერეს და წავიდნენ. სადღაც 20 წუთში ჩვენც ჩავედით გზაზე და ვხედავ მანქანას ბოლი ასდის. თან, იქ ისეთი ადგილია, რთულია წყლის პოვნა. მანქანა დანახშირდა. საბედნიეროდ, ყველა უვნებელი გადარჩა.

– რა შეგიძლიათ, გვიამბოთ მისი ცხოვრებიდან?

მამა ნაუმის კელია, ჭაობთან ძალიან ახლოს არის. დილით, ტიპიკონი რომ მთავრდება, ყოველთვის შიშველი, ხელებგაშლილი დგება ჭაობის წინ და ბრუნავს. იმ ტერიტორიაზე უამრავი კოღოა. ერთხელ ვკითხე რას აკეთებ-მეთქი და მაცალეო, მიპასუხა. ამ დროს თან ლოცულობს. რომ შემოტრიალდა, მითხრა, ჩემს სხეულს ვთრგუნავო. მისთვის სხეული არაფერია – მხოლოდ ლეშია. მამა ნაუმისთვის სულიერებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ აკბენინებს საკუთარ სხეულს კოღოებს. არც ჩაცმულობას აქცევს ყურადღებას – შეუძლია, ფეხშიშველმაც იაროს. არამიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სული ეკუთვნის ღმერთს და მორჩა.

– მის ერისკაცობაზე რას გვეტყვით?

ერისკაცობის შესახებ, ბევრს ვერაფერს გეტყვით. საკმაოდ ნაწვალები და ნატანჯია. გამოვლილი აქვს ყველა ის რთული პერიოდი, რაც კომუნისტების დროს იყო. გაუძლო ამ სირთულეებს და თავისი თავი უფალს და მონასტერს შესწირა.

– უფლის გზა რატომ აირჩია?

თავისი ნებით მივიდა ამ გზამდე. უფალმა გადაარჩინა და შემდეგ მას შესწირა ცხოვრება. გადარჩა სიკვდილს. ვფიქრობ, რომ გამოცხადება ჰქონდა. თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ბევრი ადამიანი დადგომია ამ გზას და მერე უკან გამობრუნებულა. ამ ყველაფერს სხვანაირი სიმტკიცე სჭირდება. ძალიან დაბალი კელია აქვს. დაბლა ცხვრის ტყავი უგია და მასზე მუხლმოყრილი ლოცულობს. ლოცვის დროს დიდი ბრძოლები ემართება და მათ ღვთის წყალობით უმკლავდება. თავადაც მაქვს ეს ნანახი და ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

– ერთი პერიოდი ტყეში ცხოვრობდა. რატომ?

– კი, დიდი ხანი ცხოვრობდა. კიდევ უნდოდა უფრო ღრმად შესვლა, მაგრამ მეუფემ არ მისცა ნება. როგორც უკვე აღვნიშნე, მას აქვს თავისი კელია და ცალკე ცხოვრობს. როცა ხალხი მოდის, მაშინ შედის მონასტერში. გარკვეული პერიოდი მდუმარებაშიც იყო და გასვლაც უნდოდა, მაგრამ მეუფე იობი ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევს.  ახლაც აქვს მარტო ცხოვრების სურვილი.

– რა სნეულებებით მიჰყავთ მასთან ადამიანები?

ყველანაირი სნეულებით მოდიან: სიმსივნე, სმენის დაქვეითება, სიბრმავე, მეტყველების პრობლემები. მას არ მიაჩნია თავი მკურნალად. მამა ნაუმს რწმენით უადვილდება განკურნება. ღმერთი ვერ გიშველის, თუ რწმენა არ გაქვს. მთავარია, გწამდეს და ისე მიხვიდე მასთან. თუ უფლის გჯერა და გწამს, ყველაფერი კარგად იქნება.

– ძირითადად რა ასაკის ხალხი მიდის?

ყველა ასაკის. თუმცა, მეტი მადლი ბავშვებზე მოდის. ბავშვი ხომ ყველაზე  უმწიკვლოა. ერთხელ ბავშვი მოიყვანეს, რომელსაც სიარული არ შეეძლო. მშობლები გაუშვა გარეთ და ბავშვი დაიტოვა, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაიწყო ტირილი. ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ტაძრიდან და დღეს ფეხბურთს თამაშობს.

– რა ისტორიები გსმენიათ მის მიერ განკურნებულებზე?

თავად ვარ უამრავი ამბის მოწმე. პატარა ბავშვი ამოიყვანეს, იმხელა ლინზები ეკეთა, თვალები არ უჩანდა. მამა ნაუმმა მშობლებს სთხოვა, რომ 2-3 დღე მონასტრიდან არ გასულიყვნენ. ლოცვაში იყვნენ მშობლებიც. ბავშვს ცალკე უკითხავდა ლოცვებს. მესამე დღეს მოხსნა ლინზები და მის თვალწინ დაამტვრია. ბავშვი უკვე ჩვეულებრივად ხედავდა. მოსვლისას დედას ეჭირა შვილის ხელი და ეუბნებოდა მარჯვნივ უნდა წასულიყო თუ მარცხნივ. ლინზების მოხსნის შემდეგ, თავისით, მარტო ჩავიდა მონასტრის ეზოდან გზაზე. ერთ ქალს სიმსივნე დაუდგინეს და ექიმებმა ისიც კი უთხრეს, რამდენი ხანი იცოცხლებდა. ეს ქალბატონი კიბეებზე ძლივს ამოიყვანეს. დალოცა მამაომ და მონასტრიდან გასულს ტკივილებიც აღარ ჰქონდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, შემთხვევით შევესწარი ამ ქალბატონის შვილი ტირილით ელაპარაკებოდა მამა ნაუმს. მადლობის სათქმელად იყო მოსული, ექიმებმა ვეღარ უპოვეს სიმსივნეო. მამა ნაუმმა უპასუხა, რომ ეს ქალბატონი მასთან დიდი რწმენით იყო მისული.?

წყარო: „tbiliselebi“

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს – დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებულ თავდასხმაში სამი პირი მონაწილეობდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.მისივე თქმით, შეტაკების დროს ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.მუსტაფა ჩიფტჩი ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა.„სამი პირი, რომლებიც სტამბოლში, Yapı Kredi Plaza-ს კომპლექსის წინ შეიარაღებულ პოლიციელებთან შეტაკებაში მონაწილეობდნენ,  ნეიტრალიზებულია. შეტაკების დროს ჩვენი ორი გმირი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. ტერორისტების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.„ბიბისის“ ინფორმაციით, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის შემდეგ ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები გრძელლულიან იარაღს ატარებდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია.

თამარ ჩიბურდანიძე: ილჰამ ალიევის სიტყვები მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის, რომელთათვისაც „შუა დერეფანი“ ასევეა უმნიშვნელოვანესი არტერია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება ალიევის ვიზიტს საქართველოში და წერს საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ რეგიონში.ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაურევლობამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, რამაც, თავის მხრივ, უზრუნველყო „შუა დერეფნისა“ და სხვა პროექტების ფასი. ჩიბურდანიძემ ხაზი გაუსვა დერეფნის მნიშვნელობას დასავლეთისთვისაც:„შუა დერეფანი“ უმნიშვნელოვანესი არტერიაა დასავლეთისთვისაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დღეს ამ არტერიას არ უნდა იჭრიდეს. იმედია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი ეროვნულ პოლიტიკას ატარებ და ხალხი მხარს გიჭერს“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობის გარდა, ქვეყანა სულიერი აღმავლობის გზაზეც დგას. მისი სიტყვებით, ქართული ეკლესიის ერთობა მალე მთელ მსოფლიოს გააოგნებს.„ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი სწორედ ამ დროს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გზებს ეძებს, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არაფრის მომტანი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და ახალ გეოპოლიტიკურ სახიფათო თამაშებში არჩარევამ, ფასი დაადო ჩვენს ადგილმდებარეობას და სწორედ ამის შემდეგ ფასობს „შუა დერეფნისა“ და სხვა პროექტები.ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა იქნებოდა დღეს საქართველოში, ამ რამდენიმე წლიანი შემოტევისთვის რომ არ გაგვეძლო და ქვეყანა სხვისი ინტერესების საჯიჯგნი გაგვეხადა. ეს ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმა იყო, რომელიც ვერც ახლა და ვერც ვერასდროს განხორციელდება, თუკი ქართველი ხალხი იქნება ფხიზლად. ისტორიის სწორ მხარეს დგომა ყოველთვის იძლევა იმ უდიდეს შანსს, რაც დღეს აქვს საქართველოს.ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ „შუა დერეფანი“ მათთვის უმნიშვნელოვანესი არტერიაა, მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის. „შუა დერეფანი“ უმნიშვნელოვანესი არტერიაა ასევე მათთვისაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დღეს ამ არტერიას არ უნდა იჭრიდეს. იმედია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი ეროვნულ პოლიტიკას ატარებ და ხალხი მხარს გიჭერს.საქართველო დღეს ახალ ისტორიას წერს და ეს იქნება წინა პერიოდისგან რადიკალურად განსხვავებული ეპოქა. ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის გზას ვადგავართ, არამედ, სულიერისაც. მყარად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ეკლესიის ერთობა და ძალა მალე მსოფლიოს გააოგნებს. მართალია, ქართველებს ურთიერთმტრობა და ქიშპი არ ეშლებათ, მაგრამ ყველა გადამწყვეტ და კრიტიკულ სიტუაციაში ერი და ბერი ერთიანდება და გაჰყავთ ქვეყანა სამშვიდობოს.ასე მოხდა ბოლო უმძიმესი წლების განმავლობაში და ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო პოლიტიკაში” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას

საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მის გუნდსა და ადგილობრივ მისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შედგა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის პარამეტრები და პროგნოზები, ასევე ცალკეული სტრუქტურული თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან.„საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 9,3%-ით იზრდებოდა. 2026 წელიც მაღალი ზრდით დაიწყო – 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში. ჩვენს პროგნოზებშიც, საშუალოვადიან პერიოდში, ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება. ეს არის ჩვენი საბაზისო სცენარი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში შესაძლებელი და მოსალოდნელია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რეგიონში ამ დროისთვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სამინისტრო არ ჩქარობს პროგნოზების გადახედვას. მისი თქმით, აქტიურად ხდება დაკვირვება გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე.ფისკალურ დისციპლინაზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, ფისკალური დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე უსაფრთხო – 35%-ზე დაბალ ნიშნულზე. მისი თქმით, დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილზე.„შესაძლებელია დეფიციტი იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 2.5%-ია იმ მოცემულობით, რომ კაპიტალური ხარჯების ნაწილი შენარჩუნდება მშპ-ის 7%-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის დაკავშირებადობის გაძლიერებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. ასევე, წყლის, საგანმანათლებლო, ტურისტული, თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომ მშენებლობა/რეაბილიტაციას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი – მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზს დაკრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები