“როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიციელისთვის”, – აღნიშნავს გიორგი.
გიორგი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს კი თბილისიდან ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა და სკოლა იქ დაამთავრა. როგორც თავად იხსენებს, საქართველოდან საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა მისთვის დიდი ცვლილება იყო, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება მოუწია. თავდაპირველად სპორტით დაკავდა.
“მოზარდის უცხო გარემოში მოხვედრა ადვილი საქმე არაა, თუმცა ამაში მე ფეხბურთი დამეხმარა. ნიუ-ჯერსის შტატში, სკოლის გუნდში ვთამაშობდი და პირველი წარმატებაც სწორედ აქ ვიგემე – პირველად, არსებობის ისტორიაში ჩვენ შტატის ჩემპიონები გავხდით! ეს სკოლისთვის დიდი მიღწევა იყო და სიხარულით აღინიშნა კიდეც. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე. ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი ვარ. მომავალში მინდა, დეტექტივი გავხდე და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გავაგრძელო სწავლა”, – აღნიშნავს გიორგი ერისთავი.

