შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„სახელდებოდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის ბუნებრივი აირის ვერსიაც. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი მესაკუთრე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და შესაძლოა ეს გამხდარიყო მიზეზი, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს. შესაძლოა მიზეზი იყოს საყრდენი კედლის გამოცლა, და თუ ეს დადგინდება, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა, ადამიანები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ბუნებრივი აირის აფეთქების ვერსია 90%-ით გამორიცხულია. ვნახეთ ჩამონგრევის კადრები და პროფესიონალები აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის აფეთქების დროს ასე არ ხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.