ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

ვასილ მაღლაფერიძე: თუ მამული, ენა, სარწმუნოება მავანისთვის ჩამორჩენილობა, მოღალატეობა და პრორუსობაა, აქ, ცხადია, ერთობაზე საუბარი აღარ ღირს – გვეცოდინება, რომ ერთმანეთის არ გვესმის, სჯობს, თანაცხოვრების რაიმე სხვა ფორმა ვეძებოთ

„მამული, ენა, სარწმუნოება – სიტყვებით კეკლუცობისთვის მოგონილი ტრიადა კი არ არის, არამედ ეს ტრიადა ქმნის იდეას, რასაც საქართველო ეფუძნება. საქართველოს ისტორია, არსებითად, სწორედ ამ იდეის დაცვის ისტორიას წარმოადგენს – ომის დროს ხმლით და თოფით იცავდნენ, მშვიდობიანობის დროს – კულტურის და ეკონომიკის ასპარეზზე.  – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მამული  ქართველების სამშობლო და საცხოვრისი ადგილია;

ენა არის სამყაროს აღქმის, შემეცნების და აზროვნების წესი;

სარწმუნოება მსოფლმხედველობის საფუძველი და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელია; როდესაც საქართველომ რომის იმპერიის კვალდაკვალ ქრისტიანობა მიიღო, ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიულად აზიაში მდებარე ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გახდა (და დღემდე არის) იმ ცივილიზაციის ნაწილი, რასაც დღეს ევროპული ცივილიზაციას ვეძახით! ვახტანგ გორგასლის ანდერძი –  “აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და… სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”, საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ხაზს და დღემდე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილად რჩება (ბერძენთა სიყვარულში ვახტანგ მეფე რომის იმპერიასთან ცივილიზაციურ ერთობას გულისხმობდა).

ამ ტრიადას რომელიმე ერთი პოსტულატი თუ გამოაკლდა, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახალგაზრდებმა ემოციურ ფონზე ყურადღება არ მიაქციეს ამ ტრიადაში ერთი სიტყვის შეცვლას, თუმცა, ვინც “სარწმუნოების” “ერთობით” ჩანაცვლება ჩაიფიქრა, იმან ზუსტად იცის, რომ ამით საქართველოს იდეას კლავს, ხოლო უადგილოდ გამოყენებული თავისთავად მშვენიერი სიტყვა და ცნება “ერთობა”, სინამდვილეში ერთობის წინააღმდეგაა მიმართული და მხოლოდ განხეთქილებას გააღრმავებს.

ქვეყნის შიგნით მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება, რასაც ყველანაირად აღვივებენ ათასი ჯურის პოლიტიკანები, მედროვეები და ავანტიურისტები, რომლებიც ქვეყნის გადაწვით აპირებენ ხელის მოთბობას, თუმცა, არც იმის დაუნახაობა შეიძლება, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის –  ბევრ ადამიანს გულწრფელად კარგი სურს თავისი ქვეყნისთვის და ასევე ძალიან გულწრფელად დამნაშავედ და მოღალატედ  მიაჩნია, მისივე თანამოქალაქე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს.

სამწუხაროდ, ჩვენში დისკუსიის კულტურა უიმედოდ გარდაიცვალა და მისი ადგილი ბულინგის ხელოვნებამ დაიკავა, თორემ ამ ტრიადის ასე ხელაღების შეცვლის მცდელობამ, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ “სწორედ დროც არის და საჭიროებაც მოითხოვს”, რომ დიდი ეროვნული დისკუსია დაიწყოს იმის გასარკვევად, როგორ ვიაზრებთ საქართველოს რაობას, კულტურულ ფასეულობებს, ეროვნულ მიზნებს, წარსულს, ფუნდამენტურ ცნებებს, როგორ ვხედავთ მომავალს და ასე შემდეგ.

დაგვრჩა კი რაიმე საერთო?! სამწუხაროდ, ეს რიტორიკული შეკითხვა არ გახლავთ!

თუ აღმოჩნდა, რომ აღარც მამული, ენა და სარწმუნოება გვაერთიანებს, აღარც ქვევრი, აღარც ვეფხისტყაოსანი, აღარც ისტორია, აღარც ეროვნული იდენტობის გამომხატველი სიმბოლოები და სიწმინდეები, თამარ მეფეზე პრეზერვატივი გვაგონდება, ერეკლეზე ღალატი, აღარც საერთო მიზნები გვაქვს და საერთოდაც ერთმანეთის დანახვა გვძაგს, მაშინ რა დაგვრჩა ის დამაკავშირებელი, რაც ერს ერთ მთლიანობად ქმნის?!

რომელიმე ერთი კანონის გამო ერთმანეთის ხოცვას რა აზრი აქვს, თუ წინასწარვე ვიცით, რომ მომავალშიც კატეგორიულად არ მოგვეწონება ერთმანეთის მიერ მიღებული მხოლოდ კანონები კი  არა, არამედ, უბრალოდ გამოთქმული აზრიც კი და წინდაწინვე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც არაფერზე შევთანხმდეთ.
დისკუსია აუცილებელია არა რომელიმე კანონთან დაკავშირებით, არამედ იმის გასარკვევად, რა დაგვრჩა საერთო ფასეულობა და ღირებულება. თუ მამული, ენა, სარწმუნოება მავანისთვის ჩამორჩენილობა, მოღალატეობა და პრორუსობაა, აქ, ცხადია, ერთობაზე საუბარი აღარ ღირს, აღარც საკამათო გვაქვს რამე, გვეცოდინება, რომ ერთმანეთის არ გვესმის, ვერც გავიგებთ და სჯობს, თანაცხოვრების რაიმე სხვა ფორმა ვეძებოთ.“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა, ურანის გამდიდრება არ მოხდება

შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება არ მოხდება.„შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა! ურანის გამდიდრება არ მოხდება და შეერთებული შტატები, ირანთან თანამშრომლობით, ამოთხრის და მოაშორებს ღრმად დამარხულ ბირთვულ „მტვერს“. ის ახლა და დღემდე ძალიან მკაცრი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშაა (კოსმოსური ძალები!). თავდასხმის დღიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ ირანთან ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებაზე ვსაუბრობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. 15 პუნქტიდან ბევრი უკვე შეთანხმებულია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმააშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანისთვის სამხედრო შეიარაღების მიმწოდებელ ქვეყანას დაუყოვნებლივ დაეკისრება 50%-იანი ტარიფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ნებისმიერ საქონელზე, რაც ძალაში შევა დაუყოვნებლივ და გამონაკლისების გარეშე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილია დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში, მეორე მატჩი ბრაზილიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე პენალტების სერიაში 17:15 დაამარცხა.ძირითადი დრო ფრედ, 12:12 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად ქართველმა წყალბურთელებმა შეასრულეს და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს. მესამე მატჩს ქართველი წყალბურთლები 9 აპრილს სლოვენიასთან გამართავენ.ჯგუფური ეტაპის მატჩების შემდეგ, 24-დან 16 ნაკრები პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას და ორი საუკეთესო 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, დუშან ვასიჩი, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი, გიორგი მესხი, ველიკო ტანკოსიჩი, ლუკა ჩიქოვანი, სტეფან პიეშივაცი, ანდრია ვლაჰოვიჩი.მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძემსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩები 7-დან 13 აპრილის ჩათვლით მალტაში იმართება.

ირანის ელჩის 90-დღიანი ანგარიში „დიპლომატია ომის პარალელურად” – სეიედ ალი მოუჯანი შეფასებები საქართველოდან

,,ანგარიში, რომელიც დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან თეირანში გაიგზავნებაირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანიდღეს ჩემი, როგორც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, მისიის დაწყებიდან ოთხმოცდამეათე დღეა. სამუშაო დღეს ვიწყებ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ცოტა ხნის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ათ პირობას დაეთანხმა ომის შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისათვის. ომი, რომელიც ირანელი ხალხის საყოველთაო, ფართო და ყოვლისმომცველი თავდაცვით, საზოგადოებრივი ჩართულობითა და სოლიდარობით წარიმართა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ. ომი, რომელმაც შექმნა ახალი წესრიგი დასავლეთ აზიის რეგიონალურ ბალანსში და რომლის გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე თვალნათელია. ○ ომი, რომელმაც თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და დრონების დევნით აჩვენა, რომ ირანის ცა ღია აღარ არის, და ახლა ევროპის ცაა ამერიკისთვის დახურული. ○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანის ძალა ატომურ ბომბზე არაა დამოკიდებული. ○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ატომური სიძლიერითა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით, მაგალითისთვის - გოგონათა დაწყებით სკოლაზე თავდასხმით - გამარჯვებას ვერ იზეიმებ. ○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანი არის სისტემა, და არა მხოლოდ ერთი პიროვნება.დღეს ირანის შვილების მოწამეობრივი სიკვდილიდან მეორმოცე დღეა და 15:00 საათზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ირანელი და ქართველი დაინტერესებული პირების მონაწილეობით. მთელი ეს პერიოდი ირანი სამშობლოსა და ადამიანების სიცოცხლეს ღმერთისადმი რწმენით იცავდა. ეს პატრიარქის ილია II-ის ის სამი ძირითადი პრინციპია, რომლისკენაც ყოველთვის მოუწოდებდა ქართველ ხალხს. თავდაცვის პროცესში ირანის მიერ მიღწეული შედეგების სტრატეგიული ღირებულება აგრესორთათვის წარმოუდგენელი იყო. ისინი თავდასხმით შეეცადნენ ირანის დასუსტებას და მის განადგურებასაც კი. მაგრამ იმან, რაც მოხდა, ცხადყო, რომ ღრმა ფესვების მქონე ცივილიზაციის ომით განადგურება შეუძლებელია. ეს ხალხებია, რომლებიც რთულ მომენტებში თავიანთ ნამდვილ ძალას ავლენენ. ამ 90 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროებამდე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, ფართო თავდაცვით ომში იმყოფებოდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუშაობდა ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა ირანში – უწყვეტ და სისტემატურ რეჟიმში. შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე, მედიის წარმომადგენლებთან, საკონსულო მომსახურებისა და დახმარების გაწევა, ირანისა და რეგიონის მოვლენების დეტალური ანალიზი ჩემი და ჩემი კოლეგების მისიათა მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა. ამ ოთხმოცდაათი დღის გამოცდილებამ, რომლის დროსაც ორდღიანი მოკლე მისიით, ინსტრუქციების მისაღებად საქართველოდან გავედი და დავბრუნდი, შესაძლებლობა მომცა, საქართველოში არსებული ვითარება გამეცნო. ჩემი პირველი სამუშაო მისია საქართველოში 1992 წელს, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან რამდენიმე თვეში შედგა. მას შემდეგ იმ დრომდე, სანამ 90 დღის წინ, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში ურთიერთობების მართვას ჩავიბარებდი, რამდენჯერმე ვიმყოფებოდი სამუშაო ვიზიტით საქართველოში. 90 დღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, ანგარიშში, რომელსაც დღეს დავწერ ჩემი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისთვის თეირანში, ღირებულ გამოცდილებას გავუზიარებ. ანგარიში, რომელიც ირანში დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 30 წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაშინ შეძლებენ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები, აღმოაჩინონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სიღრმისეული ხედვა ამ ახალ პერიოდში. ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოში სხვადასხვა ოფიციალურ პოლიტიკურ პირებთან, გამოჩენილ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებთან და ასევე თითოეულ ღირსეულ ადამიანთან საუბრებისა და ურთიერთობის ღირებულ გამოცდილებას. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულბების მრავალფეროვნებისა და განსხვავების მიუხედავად, საერთო იდეალების - ეროვნული იდენტობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ერთგულნი არიან. საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეასრულოს. ეს ხიდი მნიშვნელოვანია, როდესაც: □ დაკავშირებულია მრავალ მაგისტრალთან; □ მასზე გადაადგილება შესაძლებელია შეუფერხებლად; □ აქვს დაბალი ფასის უპირატესობა მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირებისათვის და...... როდესაც ირანის მთავრობამ ელჩის რანგში ჩემი თბილისში გამოგზავნა გადაწყვიტა, პრეზიდენტ ფეზეშქიანისგან მკაფიო მითითება მივიღე - მემუშავა ურთიერთშემავსებელი და რეგიონალური ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით; თანამშრომლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. მთელი ამ 90 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე თქვენი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, პარტიათა წარმომადგენლებთან თუ ცალკეულ პიროვნებებთან, ყურადღებას ვამახვილებდი კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი დიალოგის, ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის, რაციონალურობის, სარგებლისა და დანაკარგის გათვალისწინების პრინციპებზე საერთაშორისო ურთიერთობებში. პრინციპები, რომელთაც საქართველოს, როგორც დერეფნის როლის და ირანის უნიკალური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფართო რეგიონის, კერძოდ, აზიისა და ევროპის ორი კონტინენტის სტაბილურობასა და განვითარებას.დღეს ირანი, ასრულებს რა მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო გასასვლელის, ჰორმუზის სრუტის მართვაში, ომანის სასულთნოსთან ერთად, ახალ გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ინაცვლებს.ირანის თავდაცვისუნარიანობა საზღვრებიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში ადასტურებს, რომ ის არ არის სახელმწიფო, რომლის გლობალური წონასწორობიდან გამორიცხვა შესაძლებელია. ამჯერად საქართველოში ჩემი მისიის პირველი ეტაპი ამ 90 დღის გამოცდილებით დასრულდა. ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას. ეტიკეტი მოითხოვს, ამ 90 დღიანი ციკლის დასასრულს მადლობა გადავუხადო ყველა ოფიციალურ პირს, ეკონომიკური და სოციალური სფეროს აქტორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და ადამიანებს, ვინც ქუჩებში, ბაზრებში გავიცანი, და ასევე უცხოელ დიპლომატებს თბილისში თავიანთი გამოცდილების გულუხვად გაზიარებისათვის'- წერს ირანის ელჩი საქართველოში  სეიედ ალი მოუჯანი

ჯეი დი ვენსი – რუსეთ-უკრაინის ომს აზრი აღარ აქვს, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის გამო ვაჭრობაზე, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული კომენტარები მას შემდეგ, რაც ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის სესხი დაბლოკა, „სკანდალური“ იყო.ვენსის თქმით, კიევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიუღებელია, ასეთი საქციელი მოკავშირეებს შორის ზღვარს სცილდება და არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. და რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ ეს არის ყველაზე რთული გადასაჭრელი ომი. გარკვეულწილად, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამას უკვე 14 თვეა, ვაკეთებთ და უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.„რადგან ომს, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს. რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს დამატებით ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად? ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად? და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. მაგრამ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი და პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებენ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მუშაობას, ფუნდამენტურად ჩვენ მხოლოდ კარის გაღება შეგვიძლია. რუსებმა, უკრაინელებმა ეს უნდა გაიარონ“, – განაცხადა მან.

ჯეი დი ვენსი – ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე ზავია მიღწეული, მაგრამ ირანელები თუ არიან მზად ჩვენთან ითანამშრომლონ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტას მყიფე ზავი უწოდა.ვენსმა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ბოლო საათებში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ ამ მოლაპარაკებებმა ირანული სისტემის შესახებ ბევრი რამ ასწავლა.ბუდაპეშტში გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რეაქცია განსხვავდებოდა მთავრობაში არსებული ჯგუფების მიხედვით.ვენსის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა გეგმას, მაგრამ სხვები „იტყუებოდნენ“ იმის შესახებ, თუ რა იქნა მიღწეული შეერთებული შტატების მიერ სამხედრო თვალსაზრისით, ასევე იტყუებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის გუნდს სთხოვა, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანზე ზეწოლის მიზნით გარკვეული სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებისგან. თუმცა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ეს ვარიანტები კვლავ განიხილება, თუ ირანი ვერ შეძლებს ომის სამუდამოდ დასრულებისკენ პოზიტიური მოლაპარაკებების წარმოებას.„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა და ჩვენთან მუშაობა კარგი შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი. ირანელები კეთილი ნებით მზად თუ არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, ვფიქრობ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი ტყუილს თუ აპირებენ, აპირებენ მოტყუებას, შეეცდებიან ხელი შეუშალონ მიღწეულ მყიფე ზავსაც კი, ისინი არ იქნებიან ბედნიერები. მან გვითხრა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. მაგრამ ირანელები თუ ზუსტად იმავეს არ გააკეთებენ, აღმოაჩენენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეთი არ არის, ვისთანაც დრო უნდა ხარჯო. ის მოუთმენელია. ის მოუთმენელია პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ბოლო სიახლეები