ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმამონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობაში გაიმართა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტებმა ასევე დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას, განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.