ევროკავშირმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის გაფართოების შესახებ.
როგორც ევროკავშირის პრესსამსახურში განაცხადეს, ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას და მდგრად განვითარებას.
„ეს შეთანხმება გზას უხსნის ახალ ჰორიზონტებს ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვრების უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების აღკვეთა“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
ამ შეთანხმების ხელმომწერები, თუ შესაბამისი პირობები იარსებებს, განიხილავენ რეადმისიის საკითხებს და სავიზო რეჟიმის გამარტივებას.
ბრიუსელში განაცხადეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონთან კავშირების გაღრმავებას. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ჩარჩოშეთანხმება ქმნის ახალ საკანონმდებლო საფუძველს პოლიტიკური დიალოგის გასამყარებლად და ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ახალი ფორმატი მიზნად ისახავს კონფლიქტების პრევენციასა და დარეგულირებას, რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას, განიარაღებას, შეიარაღებაზე კონტროლს და საექსპორტო კონტროლს”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ამასთან ერთად, შეთანხმება აჩენს ახალ შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
რეგიონული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის ზრდა განხორციელდება ევროკომისიის ინიციატივის, Global Gateway-სა და ტრანსკასპიური დერეფნის საშუალებით.
ცნობისთვის, აპრილში ევროკავშირში განაცხადეს, რომ ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის ახალი ეპოქა დაიწყო. მედიის ცნობით, ევროკავშირის საინვესტიციო პროექტი Global Gateway განიხილება, როგორც ევროპის პასუხი ჩინეთის ინიციატივაზე „ახალი აბრეშუმის გზა”. ცენტრალური აზიის რეგიონი მდიდარია ძვირფასი ბუნებრივი წიაღისეულით, მათ შორის არის კობალტი და სპილენძი.

