დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს

Read Time:2 Minute, 22 Second

ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. საკმაოდ საყურადღებოა ვითარება საქართველოშიც, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა მატების მიუხედავად, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართვას პანდემიის გავრცელების რისკებს

დეპუტატის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერი ხელმძღვანელობით თავიდანვე მოქმედებს გადაუდებლად, ეფექტიანად და პრევენციულად.

„ამავე დროს, ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისათვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე PCR ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა კლინიკური შემთხვევების მართვის კუთხითაც.

„თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა და ექთნებმა, როგორც ჰოსპიტალებში, ასევე პირველადი ქსელში გაიარეს გადამზადება კოვიდის დიაგნოსტიკის, ინფექციის კონტროლისა და მართვის სფეროში.

„გადამზადებულია 2500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელია. ასევე, მზადყოფნაშია სასტუმროები, რომლებიც რამდენიმე დღეში მიიღებენ უსიმპტომო და ე.წ. მსუბუქ პაციენტებსაც, რომლებიც ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა მზად არის დაძლიოს კრიზისი და ხელისუფლების მთავარ ამოცანად ისევ რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა, მაგრამ მოქალაქეების და საზოგადოების როლი ამაში არის შეუცვლელი.

„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო. აუცილებელია ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში და ასევე, ღია სივრცეში, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, და მითუმეტეს გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება. ამიტომ, გაუფრთხილდეთ ყველას და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სამი ძირითადი მიზანი: შეინარჩუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დაუბრონოს სასტარტო მდგომარეობას, რომ არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მესამე მიზანი შეეხება არჩევნებს.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოსაა არჩევნები და ვფიქრობ, რომ პირდაპირი ვალდებულებაა ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში. ჩვენი ვალდებულებაა, არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ქვეყანას შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესან კონცელიძე ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო ცენტ „დი-ენ-შოპ“-ში დასაქმებულებს შეხვდა
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი უდიდესი სურვილია, ქუთაისს ჰქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სახეობაში