კვირა, მარტი 15, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. საკმაოდ საყურადღებოა ვითარება საქართველოშიც, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა მატების მიუხედავად, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართვას პანდემიის გავრცელების რისკებს

დეპუტატის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერი ხელმძღვანელობით თავიდანვე მოქმედებს გადაუდებლად, ეფექტიანად და პრევენციულად.

„ამავე დროს, ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისათვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე PCR ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა კლინიკური შემთხვევების მართვის კუთხითაც.

„თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა და ექთნებმა, როგორც ჰოსპიტალებში, ასევე პირველადი ქსელში გაიარეს გადამზადება კოვიდის დიაგნოსტიკის, ინფექციის კონტროლისა და მართვის სფეროში.

„გადამზადებულია 2500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელია. ასევე, მზადყოფნაშია სასტუმროები, რომლებიც რამდენიმე დღეში მიიღებენ უსიმპტომო და ე.წ. მსუბუქ პაციენტებსაც, რომლებიც ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა მზად არის დაძლიოს კრიზისი და ხელისუფლების მთავარ ამოცანად ისევ რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა, მაგრამ მოქალაქეების და საზოგადოების როლი ამაში არის შეუცვლელი.

„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო. აუცილებელია ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში და ასევე, ღია სივრცეში, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, და მითუმეტეს გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება. ამიტომ, გაუფრთხილდეთ ყველას და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სამი ძირითადი მიზანი: შეინარჩუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დაუბრონოს სასტარტო მდგომარეობას, რომ არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მესამე მიზანი შეეხება არჩევნებს.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოსაა არჩევნები და ვფიქრობ, რომ პირდაპირი ვალდებულებაა ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში. ჩვენი ვალდებულებაა, არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ქვეყანას შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ვიმყოფებით, უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და შემდეგ მთლიანად სახელმწიფოსა და მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.პრეზიდენტმა ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმითა და პოლიტიკით,  საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მშვიდობის კუნძულს უწოდებენ.„ვიქნები გულწრფელი, მომზადებული შევხვდით ამ პროცესებს. ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა და აქ მთავარი საკითხი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ჩვენი საზოგადოების ინფორმირება, თუ რა პროცესები შეიძლებოდა, განვითარებულიყო ჩვენს გარშემო. ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემებზე და კარგია, რომ ამისთვის ჩვენ მოვემზადეთ და ის, რომ ჩვენი გონიერი საზოგადოება დადგა თავის ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ამან მოიტანა ის პროცესები, რომელიც ჩვენთან დღეს მიმდინარეობს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული ამ სიტუაციაში, ამ ცეცხლის რკალში. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით. მთავარია არ იყოს პანიკა, ქაოსი და ყოველთვის იყოს მომზადებული ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მისივე თქმით, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე, ეს უნდა გაითავისოს ყველამ და საქართველო ყოველთვის მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას.„უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, სახელმწიფოს და მსგავს გამოწვევებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ გონიერია ხელისუფალი, როგორ იმოქმედოს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, პრაგმატიზმმა, რეალობის სწორად აღქმამ, გამოწვევების წინასწარ გაანალიზებამ და საზოგადოების მომზადებამ მოიტანა შედეგი და გარდა მშვიდობისა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვავითარებთ ქვეყანას. ეტაპობრივად ვეხებით თითქმის ყველა სფეროს. უმთავრესი საკითხებია, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისთვის ყველა ერთად, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა და ყოველთვის მომზადებული შევხვდებით ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რომის პაპი – შეწყვიტეთ ცეცხლი, ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებისა და კეთილი ნების ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას!ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება. ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები“, – თქვა პაპმა. ლეო XIV ასევე აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ადამიანები, ორი კვირაა, სასტიკ ძალადობას განიცდიან.

„ევრაქტივი“ – უნგრეთში ათიათასობით ადამიანმა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად „მშვიდობის მარში“

უნგრეთში „მშვიდობის მარში“ გაიმართა.„ევრაქტივის“ ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ მარშზე ბუდაპეშტის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გავიდა.მარშის ერთ-ერთ მონაწილეს გამოტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის კოლონია“.„მთელ მსოფლიოში არეულობაა და აქ, ჩვენს პატარა ქვეყანაში ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება. და ორბანი სწორედ ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი  ექიმები და ფსიქოლოგები მოსახლეობას ეხმარებიან… ქუთაისი-ტყიბულის გზა ისევ გადაკეტილია

12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „ტყუილების გავრცელების გამო“

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისა დროს „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

ბოლო სიახლეები