მაინტერესებს, ხდება თუ არა, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მოსამართლის დაბარება უცხო ქვეყნის საელჩოებში, – ამ კითხვებით „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„ასევე, მაინტერესებს, ჩვენ პარლამენტარებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დავტოვეთ და წარმოვადგენთ „ხალხის ძალას“ დავსვით შეკითხვები ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ, რაზეც მისგან შეურაცხყოფა მივიღეთ და ამას დაერქვა, რომ ჩვენ ელჩს თავს ვესხმოდით და შეურაცხყოფას ვაყენებდით. მაინტერესებს, თვლით თუ არა, რომ დასმული კითხვები იყო შეურაცხმყოფელი, რადგან არც ერთი სიტყვა იქ შეურაცხმყოფელი არ ყოფილა, ყველა შეკითხვა არგუმენტირებული იყო და ფაქტობრივ მასალაზე იყო დაფუძნებული და არის თუ არა, ეს თავდასხმა. აქვს თუ არა, დეპუტატს კითხვის დასმის უფლება და თუ ეს მას არ აქვს, არის თუ არა, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – განაცხადა ხუნდაძემ.