შაბათი, აპრილი 4, 2026

დიდი ბრიტანეთი: შუალედური არჩევნები ლეიბორისტების ბასტიონში „მწვანეებმა“ მოიგეს

ბრიტანელი „მწვანეების“ კანდიდატმა, ჰანა სპენსერმა „დიდი მანჩესტერის“ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის საპირისპიროდ, მარცხი განიცადა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ამ რეგიონში თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა. სააგენტო „როიტერმა“ ამ შედეგს „ბრიტანეთის ორპარტიული სისტემის რღვევის დასაწყისი“ უწოდა.

„როიტერი“ ვარაუდობს, რომ ლეიბორისტული პარტიისთვის ერთი შეხედვით ყველაზე მეტად გარანტირებული მანდატის დაკარგვა სტარმერზე დამატებით ზეწოლას მოახდენს. სააგენტომ ეს არჩევნები „ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე დიდი საარჩევნო ტესტად“ შეაფასა.

გორტონისა და დენტონის საარჩევნო ოლქში ვაკანტური საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად მემარცხენე „მწვანეთა პარტიიდან“ ჰანა სპენსერი იბრძოდა, რომელმაც საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ნაიჯელ ფარაჯის ანტიმიგრაციული პარტია Reform UK-ი („რეფორმისტები“) გავიდა, ხოლო ლეიბორისტებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, ანა ტურლიმ არ დამალა, რომ ეს შედეგი მისთვის „მეტისმეტად იმედგამაცრუებელია“.

„დიდი მნაჩესტერის“ რეგიონში შუალედური არჩევნების დანიშვნა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგომამ გამოიწვია. გუშინ გამართულ არჩევნებში „მწვანეთა პარტიამ“ აქ ხმების 40,7% მიიღო, 28,7%-ით მეორე ადგილი „რეფორმისტებმა“ დაიკავეს, ლეიბორისტულმა პარტიამ კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა – მას ამომრჩეველთა 25,4%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

სპენსერის არჩევის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის 650-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში „მწვანეების“ რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. „თქვენ, ვინც გორტონსა და დენტონში თავს დავიწყებულად და მარტოსულად გრძნობთ, მე გხედავთ და თქვენთვის ვიბრძოლებ“, – განაცხადა გამარჯვების შემდეგ 34 წლის სპენსერმა, რომელიც პროფესიით სანტექნიკოსი და ამავე დროს, ადგილობრივი საკრებულოს წევრია. „ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით კი, მან თავის კლიენტებს მოუბოდიშა იმისთვის, რომ პარლამენტში წასვლის გამო, უკვე აღებული ზოგიერთი შეკვეთის გაუქმება მოუწევს.

სტარმერი გადადგომაზე უარს ამბობს და დეპუტატებისგან აპლოდისმენტებს იღებს (სტატია ჩეხურ ენაზე)

პრემიერ-მინისტრზე ზეწოლა

„როიტერი“ იმასაც იხსენებს, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სტარმერმა თანაპარტიელსა და თავის ერთ-ერთ კონკურენტს – მანჩესტერის მერს, ენდი ბერნემს – კენჭისყრაში მონაწილეობა „აუკრძალა“. სააგენტოს ცნობით, საარჩვენო ოლქს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ ეწვია, რასაც ბრიტანელი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც წესი, გაურბიან ხოლმე, თუკი წაგების მაღალი რისკი არსებობს.

თანაპარტიელების ნაწილმა თებერვალში სტარმერის გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზად ისინი ასახელებდნენ მის მიერ ლეიბორისტული ვეტერანის, პიტერ მანდელსონის ვაშინგტონში ელჩად დანიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სკანდალურად ცნობილ ჯეფრი ეპშტეინთან ჰქონდა კავშირები.

ეპშტეინთან მანდელსონის კავშირებზე გამოძიება მიმდინარეობს (სტატია ჩეხურ ენაზე)

2024 წლის ბოლო საყოველთაო არჩევნებზე, ლეიბორისტებმა გორტონსა და დენტონში ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვეს. თუმცა, სტარმერის არაპოპულარობამ, ნელმა ეკონომიკურმა ზრდამ, სკანდალების სერიამ და პოლიტიკური კურსის ცვლილებებმა პარტიის მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნა განაპირობა. მიუხედავად ამისა, ლეიბორისტმა კანონმდებლებმა აცხადებენ, რომ სტარმერს თანამდებობის დაკარგვის „გარდაუვალი საფრთხე“ ნაკლებად ემუქრება.

დიდ ბრიტანეთში შემდეგი საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება – ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნები ტარდება უელსსა და შოტლანდიაში.

გამოკითხვების მიხედვით, ხუთ პარტიას, მათ შორის „მწვანეებს“, „რეფორმისტებს“ და ცენტრისტულ „ლიბერალ-დემოკრატებს“, ეროვნულ დონეზე, ორნიშნა მაჩვენებლები აქვთ, რამაც შეიძლება ხელისუფლების სათავეში ლეიბორისტებისა და კონსერვატორების ტრადიციულ მონაცვლეობას და შესაბამისად – ორპარტიულ სისტემას – საფრთხე შეუქმნას. „როიტერის“ თანახმად, მომავალ არჩევნებზე ლეიბორისტული მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა, სავარაუდოდ, Reform UK-ი იქნება, მაგრამ სპენსერის გამარჯვება აჩვენებს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან ურბანულ ოლქებში გამარჯვება „რეფორმისტებს“, შესაძლოა, გაუჭირდეთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის...

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.„ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული იყვნენ, რა ხდებოდა საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს აჩვენებს, რა ძალა ჰქონდა ამ უდიდეს პიროვნებას. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. შეცდომების გარეშე ვერცერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო – დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი – რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი – ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებთან.ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების.„არავის დავიწყებია, როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თავად პატრიარქი საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და ბრძოლაზე, როგორ უნდოდათ მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დაკნინება. სწორედ ის ხალხი აკეთებდა ამას, ვინც დღეს ოპოზიციაში გაერთიანდა. პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების. ვერასდროს ვერაფრით აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს. საპატრიარქოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტზე მეტი ენდობოდა და მათთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორმე დაეზიანებინათ საპატრიარქოს ეს მაღალი მაჩვენებელი.თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს მაშინ, როდესაც შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები. გაიხსენეთ გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა, პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას და თქვა, რომ თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა, საპატრიარქოო. ასეთი ადამიანები არიან კოლეგები ამ ახლად შექმნილი თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის. როგორ შეიძლება, საქართველოში ეჭვი შეეპაროს ვინმეს, რომ ესენი არ არიან ერთი ძალა?! საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა მისცეს თავს უფლება, ამ რადიკალურ ფრთას გაჰყვეს ან მხარი დაუჭიროს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაწყებული გაქვს პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი, რაც არცთუ ისე ცუდად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეუფე სტეფანე – პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს – ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ – პატრიარქის გარეშე...

პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს - ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.„პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე. ვხედავთ მის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მოსაყდრეს აქვს ორი ხმა ან პატრიარქის ერთი, მაგრამ გადამწყვეტი ხმა, მეუფე სტეფანე პასუხობს: „არა... ვინ თქვა რომ გადამწყვეტია? ერთი ხმა აქვს, უბრალოდ უწმინდესისგან წარდგენილია როგორც მოსაყდრე“.„პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდით ჰყავდა. მე ვიცი, რომ მეუფე შიო ყველა მოქმედებას პატრიარქთან ათანხმებდა. მხოლოდ იმ ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა. რასაც ჰქვია ეკლესიის მართვა, პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრეზე – ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხი უკვე გადაწყდა მაშინ, როცა წმინდა სინოდის წევრობიდან გარიცხეს და დღევანდელ სინოდზე მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არ განხილულა. ამით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრე ცაავას მიერ სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნას გამოეხმაურა.მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს წერილის შესახებ ინფორმაცია აქვს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს და მისი გადასაწყვეტია ვინ გასცემს პასუხს.„სინოდის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა იმიტომ, რომ სინოდის სხდომის განხილვის საკითხი ეს არ იყო. გადაწყდა ადრე, სინოდის წევრი აღარ არის. მეუფე შიოსთანაა ეს ინფორმაცია. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეა, მაგრამ ვინ გასცემს პასუხს, მეუფე შიოს გადასაწყვეტია, ჩვენ სინოდზე ეს საკითხი საერთოდ არ განგვიხილავს.ჩემ პირად დამოკიდებულებას ვიტყვი, როდესაც პატრიარქს აბრალებდნენ სოდომურ ცოდვას, დრო გამოაჩენსო, გამოაჩინა დრომ? პატრიარქი ღმერთმა განადიდა. ამდენი ხალხმრავლობით და ცრემლნარევი შინაგანი სიმშვიდით და სიხარულით, რომლითაც გაერთიანდა ხალხი. ეს არ იყო რაღაც ზოგადი განწყობა, ეს იყო კონკრეტულად პატრიარქთან მიმართებაში.მე დიდი იმედი მქონდა, რომ მეუფე პეტრე ამას დაინახავდა. ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს. ასეთ სიბინძურეს აბრალებდა პატრიარქს და უფალმა გამოაჩინა, თუ ვინ არის ჩვენი პატრიარქი. ვინმეს ეჭვი ეპარება პატრიარქის სიდიადეში? პეტრეს თუ ეჭვი ეპარება, თავის ეჭვთან ერთად იყოს სადაც უნდა და სინოდში ნუ ეტენება, ეს მისი საქმე აღარ არის. განდიდდა უწმინდესი ყველას წინაშე და განულდა პეტრე. სულიწმიდის მადლმა გამოავლინა სულ სხვა რამ და ის სულ სხვა რამეს ცდილობს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.ინფორმაციისთვის, ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს. მისი მიმართვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირისა და წმინდა სინოდისადმი, 3 აპრილს, იღუმენია თამარ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა…“ – მამა შალვა კეკელია

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.„ადამიანები წითელ კვერცხს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პასკის გამოცხობას, ვიდრე მსახურებაზე დასწრებას, ჯვარცმის მსახურებას. ეს არ არის სწორი. ეშმაკს უნდა, რომ ეს სიხარული, რაც აღდგომაა, სხვანაირად შეცვალოს. შენს ეკლესიაში მისვლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც იქ შენ მორიდებით და მოწიწებით დადგები და მსახურებას მთელი გულით მოუსმენ. მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა, იმისთვის არ წამოვიდნენ ტაძარში რომ ილაპარაკონ“,- ამბობს მამა შალვა კეკელია.

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან.მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, ჩატარდეს გაფართოებული კრება.„მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი.ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, პროცედურა როგორი იქნება. დღევანდელი სინოდის შემდეგ კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს. ვფიქრობ, ესეც დიდხანს გაგრძელდება. სათითაოდ განვიხილავთ, ვინც შეიძლება, რომ იყოს კანდიდატი. კენჭისყრა იქნება სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის. ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს, ის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კითხვაზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „საერთოდ 60 დღე გვაქვს. ალბათ ეს იქნება პატრიარქის ორმოცამდე ან ორმოცის შემდეგ მალევე, რადგან კრებაც უნდა მოესწროს“.რაც შეეხება გაფართოებულ კრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული კრება პროცედურული საკითხებით არ არის დატვირთული და შესაძლებელია, ერთ დღეში დასრულდეს.„იმედია, ერთ დღეში დასრულდება, რადგან გაფართოებული კრება იმდენად პროცედურული არ არის, რამდენადაც არის საჯაროობისათვის. ყველა ეპარქიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ოღონდ არა ხმის უფლებით, არამედ სათათბირო ხმის უფლებით. აქ მოხდება სამი კანდიდატიდან ერთის გამორჩევა.  ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ შემდეგ სინოდზე. პროცედურებზე ვსაუბრობდით და არა კანდიდატებზე. კანდიდატებზე, ასაკზე, განათლებაზე – ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. შესაბამისი პროცედურებით დავადგენთ, ვინ შეიძლება საერთოდ იყოს კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.ამასთან, როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია.„დებულების შეცვლა ამ ეტაპზე არის გამორიცხული, რადგან დებულება დაადგინა გაფართოებულმა კრებამ. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს. არსებობს გაფართოებული კრება, ოღონდ ის არა, რომელიც ახლა იქნება. შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი თუ მოიწვევს და ალბათ მოიწვევს, ალბათ ბევრი საკითხი იქნება გასაახლებელი, რადგან რამდენიმე ხანი გავიდა 1995 წლიდან. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კიდევ ერთ კითხვაზე, მრევლის წევრები როგორ მოხვდებიან გაფართოებულ კრებაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ და ხომ არ იღებს ეს ფორმალურ ხასიათს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა:„მეც ეგ ვკითხე ყველას, ყველა მაგას კითხულობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს გაფართოებულ კრებას, მაგრამ უფრო საჯაროობისთვის არის ეს. შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის ისეთი მოხსენება, რომელმაც შემდეგ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენ ყველას ვუსმენთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გავიგოთ ამ კანდიდატებზე, რაც მანამდე არ ვიცოდით –  კარგი ან ცუდი. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი“.

ბოლო სიახლეები