ბრიტანელი „მწვანეების“ კანდიდატმა, ჰანა სპენსერმა „დიდი მანჩესტერის“ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის საპირისპიროდ, მარცხი განიცადა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ამ რეგიონში თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა. სააგენტო „როიტერმა“ ამ შედეგს „ბრიტანეთის ორპარტიული სისტემის რღვევის დასაწყისი“ უწოდა.
„როიტერი“ ვარაუდობს, რომ ლეიბორისტული პარტიისთვის ერთი შეხედვით ყველაზე მეტად გარანტირებული მანდატის დაკარგვა სტარმერზე დამატებით ზეწოლას მოახდენს. სააგენტომ ეს არჩევნები „ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე დიდი საარჩევნო ტესტად“ შეაფასა.
გორტონისა და დენტონის საარჩევნო ოლქში ვაკანტური საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად მემარცხენე „მწვანეთა პარტიიდან“ ჰანა სპენსერი იბრძოდა, რომელმაც საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ნაიჯელ ფარაჯის ანტიმიგრაციული პარტია Reform UK-ი („რეფორმისტები“) გავიდა, ხოლო ლეიბორისტებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, ანა ტურლიმ არ დამალა, რომ ეს შედეგი მისთვის „მეტისმეტად იმედგამაცრუებელია“.
„დიდი მნაჩესტერის“ რეგიონში შუალედური არჩევნების დანიშვნა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგომამ გამოიწვია. გუშინ გამართულ არჩევნებში „მწვანეთა პარტიამ“ აქ ხმების 40,7% მიიღო, 28,7%-ით მეორე ადგილი „რეფორმისტებმა“ დაიკავეს, ლეიბორისტულმა პარტიამ კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა – მას ამომრჩეველთა 25,4%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
სპენსერის არჩევის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის 650-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში „მწვანეების“ რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. „თქვენ, ვინც გორტონსა და დენტონში თავს დავიწყებულად და მარტოსულად გრძნობთ, მე გხედავთ და თქვენთვის ვიბრძოლებ“, – განაცხადა გამარჯვების შემდეგ 34 წლის სპენსერმა, რომელიც პროფესიით სანტექნიკოსი და ამავე დროს, ადგილობრივი საკრებულოს წევრია. „ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით კი, მან თავის კლიენტებს მოუბოდიშა იმისთვის, რომ პარლამენტში წასვლის გამო, უკვე აღებული ზოგიერთი შეკვეთის გაუქმება მოუწევს.
პრემიერ-მინისტრზე ზეწოლა
„როიტერი“ იმასაც იხსენებს, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სტარმერმა თანაპარტიელსა და თავის ერთ-ერთ კონკურენტს – მანჩესტერის მერს, ენდი ბერნემს – კენჭისყრაში მონაწილეობა „აუკრძალა“. სააგენტოს ცნობით, საარჩვენო ოლქს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ ეწვია, რასაც ბრიტანელი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც წესი, გაურბიან ხოლმე, თუკი წაგების მაღალი რისკი არსებობს.
თანაპარტიელების ნაწილმა თებერვალში სტარმერის გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზად ისინი ასახელებდნენ მის მიერ ლეიბორისტული ვეტერანის, პიტერ მანდელსონის ვაშინგტონში ელჩად დანიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სკანდალურად ცნობილ ჯეფრი ეპშტეინთან ჰქონდა კავშირები.
2024 წლის ბოლო საყოველთაო არჩევნებზე, ლეიბორისტებმა გორტონსა და დენტონში ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვეს. თუმცა, სტარმერის არაპოპულარობამ, ნელმა ეკონომიკურმა ზრდამ, სკანდალების სერიამ და პოლიტიკური კურსის ცვლილებებმა პარტიის მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნა განაპირობა. მიუხედავად ამისა, ლეიბორისტმა კანონმდებლებმა აცხადებენ, რომ სტარმერს თანამდებობის დაკარგვის „გარდაუვალი საფრთხე“ ნაკლებად ემუქრება.
დიდ ბრიტანეთში შემდეგი საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება – ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნები ტარდება უელსსა და შოტლანდიაში.
გამოკითხვების მიხედვით, ხუთ პარტიას, მათ შორის „მწვანეებს“, „რეფორმისტებს“ და ცენტრისტულ „ლიბერალ-დემოკრატებს“, ეროვნულ დონეზე, ორნიშნა მაჩვენებლები აქვთ, რამაც შეიძლება ხელისუფლების სათავეში ლეიბორისტებისა და კონსერვატორების ტრადიციულ მონაცვლეობას და შესაბამისად – ორპარტიულ სისტემას – საფრთხე შეუქმნას. „როიტერის“ თანახმად, მომავალ არჩევნებზე ლეიბორისტული მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა, სავარაუდოდ, Reform UK-ი იქნება, მაგრამ სპენსერის გამარჯვება აჩვენებს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან ურბანულ ოლქებში გამარჯვება „რეფორმისტებს“, შესაძლოა, გაუჭირდეთ.

