ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყველა ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ?!- ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დასვით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ურჩია, სხდომის გუშინდელი ჩანაწერი გადაახვიოს და მომხდარ არეულობაზე საკუთარი წვლილი შეაფასოს.
„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოგმართავთ, გთხოვთ, გირჩევთ, გადაახვიეთ გუშინდელი სხდომა და ნახეთ, პერსონალურად თქვენი წვლილი რამხელა იყო იმ არეულობაში. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ციციკორესავით გადმოდგეთ და ყოველ ოპოზიციონერს ჭკუა ასწავლოთ და დაადგინოთ: „თქვენთვის ეს შეიძლება, თქვენთვის არა, ის თუ გამოვა და ილაპარაკებს სამი წუთი სხვა თემაზე, არა უშავს, თქვენ ხმას არ ამოგაღებინებთ, მიკროფონს გაგითიშავთ!“ გუშინ ჩვენი ერთი კოლეგა აქედან გააძევებინეთ და მანამდე თქვენი სხვა კოლეგები რას შვრებოდნენ, სადამდე იყვნენ შესული აგრესიული რიტორიკით და ხელების ქნევით, ეს ვერ შენიშნეთ. გადაახვიეთ და ნახავთ თქვენი წვლილი რამხელაა ამაში!“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარის ხვედრი რთულია“.
„რთულია, ბატონო დავით, თავმჯდომარის ხვედრი. რა ვქნათ, ჩვენც ხანდახან გვჭირდება მეტი ძალისხმევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.