სინამდვილეში, ყოველგვარი ბრალდება ქალბატონ ლონდასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, ასე ვთქვათ, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილი „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნული სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეხება წარმოადგენს ინსტიტუციური გაჯანსაღების მიზნით დაგეგმილ ცვლილებას და დაგეგმილი რეფორმა ამ სამსახურის ორ ინსტიტუტად გაყოფას ითვალისწინებს.
„სინამდვილეში, ყოველგვარი ბრალდება ქალბატონ ლონდასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, ასე ვთქვათ, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ, რადგან არანაირი მსგავსი რამ არ ხდება. მეტიც, გეტყვით, რომ საგამოძიებო ფუნქციას ბევრი მუხლი ემატება, რომელიც ამ სამსახურის ფუნქციებს ზრდის და იქ დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ექნება გარანტიები, როდესაც ახალი სამსახურის შემადგენლობის შესაბამისი ფორმირება მოხდება, პრიორიტეტი მათ მიეცეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.