ორშაბათი, ივლისი 6, 2026

დავით მათიკაშვილი – სჯობს, ზურაბიშვილმა დროულად მოძებნოს სამსახური, ახალი პრეზიდენტი როცა შეუდგება უფლებამოსილებას, შებრძანდება სასახლეში, რომელიც კონსტიტუციით ეკუთვნის

საზოგადოებას გაუჭირდება, პოზიტიურად დაიმახსოვროს ოპოზიციურ, რადიკალიზმში გადაბრძანებული ზურაბიშვილის მოღვაწეობა, რომელსაც მხოლოდ უცხოეთიდან დავალებების მიღებით შეუძლია მოქმედება და რომლის დღის წესრიგიც აცდენილია იმ ხალხის დღის წესრიგისგან, ვინც აირჩია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს, როგორც საკუთარი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი.

„პრეზიდენტმა თავი უნდა დაამახსოვროს თავის საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოღვაწეობით უნდა დაამახსოვროს, რომ, სულ მცირე, შთამომავლობამ და ზოგადად, საზოგადოებამ ნეგატიური შეფასება არ მოგვცეს. ზურაბიშვილის შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავთ. ნამდვილად არავის უხარია, მაგრამ ფაქტი და მოცემულობაა, რომ ერთი-ორი წლის წინ მთლიანად, სრულიად ოპოზიციურ, რადიკალიზმში გადაბრძანებული ზურაბიშვილი, რომელსაც უცხოეთიდან დავალებების მიღებით შეუძლია მხოლოდ მოქმედება და რომლის დღის წესრიგიც იმდენად აცდენილია იმ ხალხის, ერის დღის წესრიგისგან, ვინც აირჩია, ვინც ხმა მისცა, რომ ჩვენს საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება, რაიმე პოზიტიურად დაიმახსოვროს ზურაბიშვილის მოღვაწეობა. ის თავს დაამახსოვრებს, როგორც კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი, საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს, როგორც საკუთარი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი და ადამიანი, ვისთვისაც არა საკუთარი ერის ნება, არა არჩევნები, არამედ ქვეყნის გარედან მიღებული დავალებები წარმოადგენს შესასრულებლად აუცილებელ ფაქტს, რაც სათანადოდ შეფასდება ჩვენი საზოგადოების მიერ, ჩვენი შთამომავლობის მიერ. მას უკვე აქვს ნამდვილი, სწორი, რეალური შეფასებები, ეს შეფასებები კიდევ უფრო გაღრმავდება ნეგატიური კუთხით, რადგან, სამწუხაროდ, პოზიტიური ამაში არაფერია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ცუდი არ იქნება, სალომე ზურაბიშვილი თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავს კონსტიტუციას ან საკონსტიტუციო სამართალში მოისმენს მცირე ლექციას.

„მისი სურვილები რომ ქვეყნის და ერის ნება-სურვილებს რადიკალურად ცდება, ესეც ცნობილია. მთავარი არ არის, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი, მთავარი ისაა, რა გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა, იმ ხალხმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე უდიდესი უმრავლესობით მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ ლეგიტიმური მანდატის განხორციელების შედეგია ის, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილმა ჯობია, დროულად მოძებნოს სამსახური, მას ეს სამსახური, ფაქტობრივად, აღარ აქვს, ეს მსახურება ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული ქართველი ხალხის მიერ და იმ მილიონ ასოციათასი ხმით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, დამარცხდა სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ, მისი წიაღსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ლეგიტიმური პოსტი უკავია და ა.შ. არის მტკნარი სიცრუე და საზოგადოება ამას ძალიან კარგად აღიქვამს, მაგრამ თვით ამ მახინჯ ლოგიკაშიც კი არის დამაცხებული. შესაბამისად, ერთადერთი, რაც მას დარჩენია, არის, რომ დროულად მოძებნოს სამსახური, ეს მისი საქმეა, ჩვენი საქმე არ არის და პრეზიდენტი როდესაც შეუდგება თავის უფლებამოსილებას, ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით და იმ წესრიგით, რაც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველომ ერთა თასზე ურუგვაი დაამარცხა

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 41:34 დაამარცხა.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას… როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს – 2027 წელს…“ – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.დვალიშვილი ამბობს, რომ   2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.

ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”, მარში გაიმართა – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ შაბათის ტრადიციული მარშის მონაწილეები, ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”. მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: ,,რეჟიმი, რომელსაც ქალების ეშინია, უკვე დამარცხებულია”, ,,თავისუფლება სინდისის პატიმარ ქალებს”. აქციის მონაწილეების თქმით, ქალი პოლიტიკოსების და ასევე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობით ,,ქართულ ოცნებას” სურს, საზოგადეობას დაანახოს, რომ “ბრძოლაში ქალების ადგილი არ არის”. პარლამენტთან მოქალაქეები ყოველდღიურად უკვე ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.„საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ალი მოჯანი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის პერსპექტივებზე საუბრობს

„როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული?“ — წერს ელჩი.,,ბოლო დღეებში, საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან ოფიციალურ პირთან საუბრისას შევეხე საკითხს, რომელიც დღემდე მაფიქრებს. ვთქვი, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩემი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო გზის გახსნა საქართველოს მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რათა ისინი გასულიყო ირანის 95-მილიონიან ბაზარზე, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. მჯეროდა, რომ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი ფერმერებისთვის, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლებოდა სასურსათო უსაფრთხოებისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. თუმცა ადმინისტრაციულმა სირთულეებმა, დოკუმენტაციის მოთხოვნებმა და გარკვეულმა მარეგულირებელმა ბარიერებმა არ მოგვცა საშუალება, რომ ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ შედეგამდე მიგვეყვანა, რასაც ველოდით. დღეს, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით წავიკითხე, რომ გასულ წელს აღებული მარცვლეულის დაახლოებით 15% კვლავ საწყობებშია დარჩენილი და ახალი მოსავლის აღების დაწყებასთან ერთად თავისი ეკონომიკური და სასურსათო ღირებულების ნაწილს კარგავს, საკუთარ თავს ვკითხე: ნუთუ ეს მართლაც გარდაუვალი რეალობაა? როგორ შეიძლება, რომ რეგიონში, სადაც ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ვაჭრობდნენ და მეზობლობდნენ, ჩვენი ქვეყნების მარცვლეული ათასობით კილომეტრის დაშორებით, ლათინური ამერიკიდან შემოდიოდეს, ხოლო ხორცი — ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, მაშინ როდესაც რეგიონული ბაზრები ერთმანეთთან სულ მცირე მანძილით არიან დაშორებული? შესაძლოა, დადგა დრო, გულწრფელად დავსვათ კითხვა: რეგიონული ვაჭრობის ყველაზე დიდი დაბრკოლება ნამდვილად შესაძლებლობების ნაკლებობაა, თუ უფრო მეტად — რეგულაციების სირთულე და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა? მე კვლავ მჯერა, რომ კავკასიისა და დასავლეთ აზიის მომავალი, პირველ რიგში, ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ბაზრების ურთიერთდაკავშირებასა და ურთიერთნდობაშია. თუ შევძლებთ ზედმეტი ბარიერების შემცირებას, ამით სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ქართველი ფერმერები, არამედ მწარმოებლები, მომხმარებლები და მთელი რეგიონის ეკონომიკები. იმედი მაქვს, ეს საკითხი გახდება კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძო სექტორს, ექსპერტებსა და მოქალაქეებს შორის. შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ საქართველოსა და ირანისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი — ის შეიძლება იქცეს მთელი რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის მოდელად''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები