საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, გერმანიისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართულ, “ალიანსი მულტილატერალიზმისათვის” მინისტრთა დონის შეხვედრაში – “Shaping our common agenda”, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ მულტილატერალიზმის როლი კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის, გენდერული თანასწორობის დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიანმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა გლობალური გამოწვევების საპასუხოდ საერთაშორისო თანამშრომლობის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობაზე.
მათ შორის, ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმის როლს პანდემიასთან ბრძოლის, ქალთა და გოგონების უფლებების დაცვისა და გარემოს დაცვის კონტექსტში. ხაზი გაესვა ასევე, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სამომავლოდ, პანდემიასთან გასამკლავებლად მზადყოფნისა და უკეთესი საერთაშორისო სისტემის შექმნის საქმეში.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ მიმართ საქართველოს მხარდაჭერა და მულტილატერალიზმის განმტკიცების მიმართულებით, ქართული მხარის მიერ წვლილის შეტანის მზაობა.