ძალიან კარგია, რომ ელჩი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან მზარდი დინამიზმით განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ელჩი ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინაში დაბრუნდა და თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
„ერთ თვეზე მეტია ის კიევშია. ის დღეს უკრაინის დელეგაციასთან ერთადაა და ესწრებოდა შეხვედრებს. რა თქმა უნდა, ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა კარგად იციან ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს კანონებს. როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის ხდება საარჩევნო კანპონმდებლობის დარღვევა, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო და როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს ეს ვუთხარით. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში. მას შემდეგ რაც ელჩი გამოწვეული იყო, ჩვენ ურთიერთობა და კონტაქტი ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია. იცით თქვენ, მე მუდმივად ხაზზე ვიყავი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. გვქონდა სატელეფონო საუბრები და მიმოწერა. ვხვდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატში და ვმსჯელობდით, თუ როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან. ძალიან კარგია, რომ ელჩი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.