დავით ზალკალიანი: ვცდილობთ, რომ ჩვენი სტუდენტების შესაძლებლობები ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და გამოცდილების შეძენის კუთხით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ

Read Time:1 Minute, 21 Second

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, ერაზმუს პლიუსისა და ჟან მონეს ონლაინ ზამთრის სკოლის „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია – ევროკავშირი და საქართველო“ კურსის გახსნისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზალკალიანმა მონაწილეებს მიულოცა და ყურადღება გაამახვილა მოცემული პროგრამის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ცოდნის ამაღლების კუთხით.

„ვფიქრობ, ამ კურსის ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ თქვენთვის უფრო ნათელი გახდება, რა მოუტანა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზამ, რომელსაც ქვეყანა დაადგა, ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მუდმივი მხარდაჭერით,“ – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში ერაზმუს პლიუსის პროგრამის წარმატებაზეც და აღნიშნა, რომ პროგრამაში, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, ბოლო ხუთ წელიწადში, 6500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ ვცდილობთ, კიდევ უფრო პრაქტიკული და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სტუდენტებისა და მკვლევარების შესაძლებლობები ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, კვლევის და გამოცდილების შეძენის კუთხით,“ – განაცხადა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის საქართველოს სახელმწიფო უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირში საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.

თავის მიმართვაში დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზეც.

„საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა კი შეუქცევად სახეს იღებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოაცხადა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ 2024 წელს ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. ჩვენი მზადყოფნა კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიხედვით შეფასდება – სწორედ ასოცირების შეთანხმებაა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი.

წევრობის განაცხადის გაკეთება ამბიციური მიზანია, მაგრამ საქართველოს შეუძლია ამ მიზანსაც დროულად მიაღწიოს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ, უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ არჩეული გზის ერთგულია და აქვს ცოდნა და უნარი, რომ მთელს რეგიონს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის წარმატებული მაგალითი მისცეს,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი: ვისურვებ საკანონმდებლო ორგანოში ვიხილო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პროცესების გამწვავებას ქუჩაში ცდილობს
Next post მაია ცქიტიშვილი: პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი