გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც წელიწადი და 3 თვეა ჩემს შვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს კლინიკა “ვივამედში”, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, დაკარგა გონება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ძალიან მძიმე შემთხვევაა გლდანის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდები გონების დაკარგვის, მაგრამ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, იატაკზე იყო დაგდებული, ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს გამეორდეს და შეიძლება ფატალურად დასრულდეს, ეს გვაქვს რეალობა. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება – აღარ იქნება სახელმწიფო. ხერხემალში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე.
მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მე არ ვარ მარტო, გვყავს ახლობლები, გვყავს მხარდამჭერები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ, უკვე წელიწადი და სამი თვეა ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას გპირდებით” – განაცხადა გიული ალასანიამ.