უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან „ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არც ისეთი გულუბრყვილო ვართ ჩვენი საზოგადოება, დავიჯეროთ, მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩი, რომ თურმე იარაღი ვერ მიიღო და სამხედრო მხარდაჭერა საქართველოსგან და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ვფიქრობდი, ვფიქრობ და ალბათ, მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, თვითონ ელჩის გაწვევის ამ დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს. არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელზეც სულ ახლახან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ და ასევე კონგრესმენებისგან შემდგარმა ჰელსინკის საბჭომ უპასუხა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, რომელიც მან გაუწია და უწევს უკრაინას ამ მძიმე დროს”,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.