ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშველოვანი საქმე და წამოწყება დაიწყო, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თეთრიწყარო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ცალკეულ მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის.
„გარდა იმისა, რომ თეთრიწყარო ბარაქიანი მიწის მქონე მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოელ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, რათა მან ეფექტიანად არჩინოს თავისი ოჯახი, თავისი მომავალო თაობა და ამით ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდეგ რეგიონი და საბოლოო ჯამში კი ქვეყანა“- განაცხადა გიორგი გახარიამ.