ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მალე შეანგრევდა ციხის კარებს და გაათავისუფლებდა სააკაშვილს, მაგრამ დღეს სააკაშვილი ტვირთად გადაიქცა, – ამის შესახებ პარლამენტის პირვემა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „სააკაშვილი ჰაერში გამოკიდებულია და ხდება მისი აქეთ-იქით ბურთაობა“.
„თავის დროზე ფაქტორი, მძევალი და სერიოზული მექანიზმი იყო, როცა მისი ავადმყოფობა და „წამება“, „მოწამლვა“ დღის წესრიგში იდგა. როცა ეს სტრასბურგის სასამართლომ უარყო და რეალობა გამოჩნდა, რომ 400 დღეს სიკვდილთან კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ თვალთმაქცობასა და სიყალბეს, რასაკვირველია, სააკაშვილი აღარ აწყობთ არც „ნაცმოძრაობას“, არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს და არც მეორე ფლანგს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გამოეყო და თავისი ინტერესები გააჩნია.
მიხეილ სააკაშვილი ტვირთია, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც არაადეკვატურია, რძის პროდუქტებთან ერთად შემოიპარა საქართველოში და რევოლუციის მოწყობას აპირებდა. ეს არის რეალობა და „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მისი ფაქტორი ბალასტიდან დააბრუნოს იმ ფაქტორად, რაც გააჩნდა – მომაკვდავი და მოწამლული პოლიტპატიმარი საქართველოში, თუმცა შეუსაბამოა მისი ფიგურა იმ ფიგურებთან, ვინც დღეს ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობას“ წარმართავენ. ჰაერში გამოკიდებულია სააკაშვილი და მისი აქეთ-იქით ბურთაობა ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.