ორშაბათი, მარტი 23, 2026

განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

„ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით,2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას  უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან.

ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.

სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა.

სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ახალი სასწავლო წლისთვის X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.

2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდემოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს  მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმაინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად.

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები  STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. თვითშეფასების შედეგების საფუძველზე სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება მიზნობრივი აქტივობები, მოსამზადებელი ტრენინგები, დამხმარე გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობით, განხორციელდება სკოლების მხარდაჭერა ადგილზე. ქვეყნის მასშტაბით სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერის პროცესში 100-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული.

41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს. 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება.

2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ.

15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება.

ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება.

2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო,სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით, ან ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებშიდაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების ადმინისტრაცია დროულად უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მშობლის ინფორმირებას.

2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში – მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ 2008 წელს კონფლიქტის ზონაში პატრიარქის ჩასვლის ეპიზოდი გაიხსენა. დეკანოზი იხსენებს, რომ მაშინ საფრთხის მიუხედავად უწმინდესმა და უნეტარესმა დაჯავშნილი მანქანით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.„ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა, უწმინდესი იქ წასულიყო იმიტომ, რომ პირდაპირი საფრთხე იყო, არავინ გვაძლევდა გარანტიას, რომ მას იქიდან ჭურვს არ ესროდნენ, არ მოკლავდნენ და ასეთი რამე არ მოხდებოდა. დაჯავშნილი მანქანა დაახვედრეს და მან თქვა, არა, მე რომ მანდ ჩავჯდე, სამღვდელოება მომყვება და იმათთვის ვინ გამოყოფს ამ მანქანებსო, რადგან მათთვის არ გამოიყოფა ეს მანქანები, მეც ჩვეულებრივ, ჩემი მანქანით წავალო. არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში“, - გაიხსენა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.ის ასევე იხსენებს შინდისის ბრძოლის დროს დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენების ეპიზოდს.„ჩავიდა და როდესაც გაიარეს ის ადგილი, სადაც ჩვენი გმირი ბიჭები, შინდისელი გმირები იყვნენ დაღუპულები, გააჩერებინა მანქანა, თავისი ანაფორა გაიხადა და ძირს დაუფინა ამ ადამიანებს. როცა ახლობელი გარდაგეცვლება, როგორი რთულია, რომ გარდაგეცვალა და წარმოიდგინეთ, როგორი რთულია, მისი ცხედარიც რომ არ გაქვს და პატრიარქმა მათ ეს ცხედრები დაუბრუნა“, - აღნიშნა დეკანოზმა.საქართველომ დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები და აღასრულა...

დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, - განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრიარქთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას.მისივე თქმით, ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს .„მოციქული პავლეც ამბობს: რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. იქვეა ნაბრძანები, გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას, სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი.განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგან მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა დიდი საქმეები.თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ის იყო ძალზე მიზანდასახული, ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. მან ბრძანა: მე მსურს გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს, ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა. ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ირაკლი კობახიძე – ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც დედაეკლესიის ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა

ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედაეკლესიას.„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედაეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია, შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითიც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედაეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ეს სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან: „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახში“. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედაეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი – უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…“

ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას – დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.„დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს – არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას.ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება, პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს. თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი საქართველო გააცოცხლა?! თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა?! ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით.უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვნეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა – ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ! უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას – მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ… ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერ შვილებად, მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს – ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის… ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…““, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მეუფე შიო – შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, დადგა წუთები, როდესაც სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილიას ნეშტი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, განსაკუთრებული იყო ილია მეორის დამოკიდებულება სიონის ტაძრისადმი, აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, შეიძლება ითქვას, სამოციქულო ღვაწლი და გზა.„სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივით და ღვაწლით. აი, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრისადმი, საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. მგონი, ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება. ალბათ კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და გვაკურთხებდა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები