ბუბა კუდავა კალაძეზე: თავისუფლად შესაძლებელია დაშვება, რომ რაღაც “ინფორმაციაზე” დაყრდნობით, ოჯახი განარიდა შესაძლო საფრთხეს, მთელ კურორტსა და რეგიონში განგაშის ატეხვას კი უბრალოდ მოერიდა

Read Time:3 Minute, 29 Second

უმთავრეს პრობლემებზე კონცენტრირება რომ სულ გვიჭირს, ამით სულ კოხტად სარგებლობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ იმა ქვეყნისანი.
ძირითადი საფიქრალებიდან ისე ოსტატურად გადააქვთ ისრები და ისე დოყლაპიებივით გვტოვებენ ხოლმე, რომ ლამის ტაში ვუკრა ფეხზე დგომით.
ახლაც, ამდენი ხალხი დაგვეხოცა, ოჯახები ამოწყდა, ბევრის ცხედარიც არ არის ნაპოვნი და ამ დროს კალაძის „დაცვა“ გახდა თემა.  აღშფოთდა ერი!  – ამის შესახებ  ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი  დირექტორი ბუბა კუდავა “ფეისბუკში”.

“ხო, ყველა ვამუნათოთ და ვლანძღოთ, ვისაც ეჭვი გაუჩნდა, ვინც კითხვები დასვა, ვინც კრიტიკულია, ვინც არ ენდობა ჩინოვნიკებს. ვყლაპოთ მხოლოდ ოფიციალური აბები და ვიქნებით მშვიდად და ტკბილად, როგორც საბჭოეთში.

გაავლეს უკვე მსგავსი პარალელები და მეც დავამატებ: პარიზის მერს, იტალიის პრემიერს, ნიუ-იორკის მერს, კალიფორნიის გუბერნატორს, ან ნებისმიერ მაღალი ინტერესის პირს ოჯახი რომ გაეყვანა იმ ზონიდან, რომელსაც 2 საათში უბედურება დაატყდა თავს, შესაბამის ქვეყნებში არ გაჩნდებოდა კითხვები? ეჭვები? გამოძიება თუ არა, მოკვლევა მაინც არ დაიწყებოდა? ჟურნალისტური თუ საზოგადოებრივი გამოძიებებით არ აჭრელდებოდა მედია?
ფაქტებისა და მოკვლევის გარეშე ხელაღებით რაიმეს მტკიცება, ასეთისა თუ ისეთის, ცხადია, საბოლოოდ უნაყოფოა. მეორე მხრივ, დიახ, სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ რაღაც დონეზე რაღაც ინფორმაცია არსებულიყო და რამდენიმე თანამდებობის პირს „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ს პრინციპით ემოქმედა.

„ამდენ ხალხს როგორ გაწირავდა“ არგუმენტი სრული უაზრობაა, რადგან წინასწარ არავინ, და ცხადია არც კალაძემ, არ იცოდა სტიქიის მასშტაბები და არც „შეტყობინების“, თუკი ასეთი არსებობდა, სანდოობა. თავისუფლად შესაძლებელია დაშვება, რომ რაღაც „ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, ოჯახი განარიდა შესაძლო საფრთხეს, მთელ კურორტსა და რეგიონში განგაშის ატეხვას კი უბრალოდ მოერიდა, რადგან განგაში დიდ სკანდალში გადაიზრდებოდა, თუკი  პროგნოზი, ეჭვი თუ ინტუიცია გამტყუნდებოდა.

ზოგადად, ეს „არ გაწირავდა“ უსარგებლო ფრაზაა. ვიღაცამ საკუთარი ხელით ჩახრჩო ქვევრში 10 თვის ბავშვი და დღემდე დაუსჯელად დაიარება ჩვენ შორის. ვინ უწყის, დამგეგმავები, ეგება და, მორალსაც გვიკითხავდნენ ტელეეკრანებიდან.

დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ვერც გავიგებთ (ახლა მაინც), რადგან გამოძიება არ დაიწყება და მხოლოდ ემოციების, ინტუიციებისა და პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების ამარა დავრჩებით. მაგრამ იმის დრო მაინც დადგა, კრიტიკული კითხვების დასმასაც მივეჩვიოთ და მორალისტობასაც თავი გავანებოთ. გავიზარდეთ უკვე და თითის ქნევები კონტრპროდუქტიულია, გემახსოვრებათ ბავშობის გამოცდილებიდან.
და მსჯელობა ამ დონეს ვერასოდეს გასცდება, თუ არ გვექნება მტკიცე და მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოები, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი და თავისუფალი მედია.
და თუ არ გვექნება ნამდვილი საზოგადოება და მასზე დამოკიდებული ხელისუფლება. – წერს ბუბა კუდავა.

ცნობისთვის,  თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედმა” მიმართა თხოვნით, გამოეთხოვათ რაჭაში მდებარე სასტუმროდან ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ ტოვებენ კალაძის ოჯახის წევრები “სანსეტ შოვის”.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოფიციალურად გამოითხოვეს ჩანაწერი.

საუბარია სასტუმრო „სანსეტ შოვის“ კამერების ჩანაწერებზე. მასალა ასახავს კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს დატოვების პერიოდს. ეს არის 3 აგვისტო, 14:08 საათი. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილებით ტოვებენ. – აცხადებს “ქრონიკა”.

„მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და გაქვთ მცდელობა, „გამაშავოთ“ პირადად მე, აგრესიულად განაწყოთ ადამიანი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ,  მას მიმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიეცა უფლება, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმრო „შოვიდან“ მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსვლას ასახავს, რაზეც თანხმობა განაცხადა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ცილისწამება დაგმო.

„საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე. მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. ასევე, იყო ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, მათაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. მათაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ან რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად ანგრევს და აზიანებს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენეთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, სტიქიამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე კალაძემ თავისი ოჯახის წევრები სამთავრო ვერტმფრენით გაიყვანა შოვიდან, რადგან თითქოსდა მისთვის ცნობილი იყო, რომ სტიქიური უბედურება მოხდებოდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ბექაური- ამ გამარჯვებას შოვში დაღუპულთა სულებს ვუძღვნი
Next post შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ამ დროისთვის აღმოჩენილია 19 ცხედარი და 14 პირს ეძებენ