კვირა, ნოემბერი 10, 2024

ბრაზილიაში პირველი ქართული მარანი გაიხსნა

ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიხსნა პირველი ქართული მარანი Lorangi და გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.

საქართვლოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების საპატივსაცემოდ გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სიკვდილმისჯილმა პატიმარმა სიცოცხლის ბოლო წუთს ზეთისხილი მოითხოვა – მიზეზი გაგაოცებთ

1963 წელს ვიქტორ ჰარი ფეგუერს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მაშინ ვიქტორი სულ რაღაც 28 წლის იყო. „ერთი ზეთისხილი გთხოვთ“ - სწორედ ეს მოითხოვა მამაკაცმა სიკვდილის წინ. არსებობს უცნაური მიზეზი, რის გამოც მან ზეთისხილი მოითხოვა. იქამდე, განვიხილოთ, რა ჩაიდინა ვიქტორმა იმისთვის, რომ სიკვდილი მიუსაჯეს. 1960 წლის ივლისში, ვიქტორი სატელეფონო წიგნაკს ათვალიერებდა და აიოვას ყველა ექიმს განზრახ ურეკავდა. ერთ-ერთმა ექიმმა ყურმილი აიღო, ვიქტორმა კი ის მოატყუა. მან ექიმს უთხრა, რომ ქალი იყო, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე მისულ ექიმს სახლში ქალის ნაცვლად ვიქტორი დახვდა. კაცმა იგი გაიტაცა და მოკლა. ექიმის ცხედარი მოგვიანებით სიმინდის ყანაში იპოვეს. მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი დანაშაულს არ აღიარებდა, ის საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს. რატომ აირჩია ბოლო სურვილად ვიქტორმა ზეთისხილი ? მკვლელმა მცველებს ასეთი რამ უთხრა - ის იმედოვნებდა, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ, დამარხავდნენ. მიწიდან კი ზეთისხილის ხე ამოიჭრებოდა. ხე მშვიდობის სიმბოლო იყო. ზოგიერთ ცნობაში ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ, მესაზღვრეებმა მისი პიჯაკის ჯიბეში ზეთისხილის კურკა აღმოაჩინეს. მაგრამ, ზეთისხილის ხე მის საფლავზე არასოდეს გაიზარდა.

მოსამართლემ კაცს, რომელიც სანადირო თოფით რუსთავის ბაზარში შევარდა და 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კაცი, რომელმაც რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლა და მეხუთეს - საკუთარ ბიძაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდა, მოსამართლემ ციხეში უვადოდ გაუშვა. ეს უპრეცედენტო განაჩენია, რადგან ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი ორეველაშვილი შემზარავი დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადი იყო. კანონით დაშვებულია, თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულის მიმართ, უვადო პატიმრობის გადაწყვეტილება არასდროს გამოუტანიათ. რას დაეყრდნო მოსამართლე "კურიერი პიესმა" მაია შოშიაშვილის განაჩენის წერილობითი ვერსია მოიპოვა, სადაც მოსამართლე მსაჯულის შეზღუდულ შერაცხადობას შემამსუბუქებელ გარემოებად არ მიიჩნევს და უმაღლესი სასჯელის მოტივად დანაშაულის სიმძიმეს ასახელებს. 2024 წლის 9 თებერვალი - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მოხდა. სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი სავაჭრო ობიექტზე შეიჭრა და ხორცის სექციაში 7 წამში 5-ჯერ, დამიზნებით ისროლა. დამნაშავე აქ წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ახლო ნათესავები იყვნენ, ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს ესროლა, შემდეგ ბიძაშვილს - ნიკა ორველაშვილს. ამის შემდეგ მოკლა მოპირდაპირე დახლზე მოვაჭრე ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილები. ბოლოს კი - ტაქსის მძღოლი, რომელმაც მისი შეკავება სცადა. 4 მოკლა, დაჭრილი ბიძაშვილი კი, ექიმებმა გადაარჩინეს. მკვლელმა იარაღი დააგდო და ტერიტორიიდან გაიქცა. ახლოს მდებარე აფთიაქში შევარდა და დამამშვიდებელი ითხოვა. სწორედ აქ დააკავეს დამნაშავე სამართალდამცველებმა. გაირკვა, რომ გიორგი ორველაშვილმა სანადირო თოფი ძმას მოჰპარა და კაჭრეთიდან რუსთავში, დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოიტანა. მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ძმა - გოგიტა ორველაშვილი. მომხდარიდან 9 თვის შემდეგ, თვითმხილველებს შემზარავი ფაქტის გახსენება ახლაც უჭირთ. რატომ გაიმეტა ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ 3 ადამიანი - სასამართლო განხილვების დროს, ბრალდებულს არაფერი უთქვამს. გამოძიების ვერსიით, კი უმძიმესი დანაშაულის მოტივი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ ფონზე ბაზარში მომხდარი კონფლიქტები გახდა. დაზარალებულები სასამართლო დარბაზში გიორგი ორველაშვილის უვადო პატიმრობას ერთხმად ითხოვდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული მკვლელის ბიძაშვილი ხატია ორველაშვილია, რომელსაც დამნაშავემ მამა მოუკლა. ნათესავები ოჯახისგან განსხვავებით, გიორგი ორველაშვილს ფსიქიკურ ხარვეზებს ამჩნევდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა მკვლელობის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, ნაქირავები სახლი დაწვა. რეაგირებას კი, დამნაშავის დედას და დებს სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. გიორგი ორველაშვილი უვადო სასჯელის ათვლამდე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ მკურნალობას გაივლის. მანამდე კი მისი ადვოკატი, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. დამცველს მოლოდინი აქვს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება, ისევე როგორც გოგიტა ორველაშვილს, მკვლელის ძმას, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის 2 წელი მიესაჯა. ადვოკატი სასჯელის შემსუბუქების საჭიროებას ვერ დაასაბუთებს - ასეთია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი განმარტავს, რომ პირველმა ინსტანციამ სამართლიანობის პრინციპის გარდა, უვადო განაჩენის შეფარდების შემდეგ, მსგავსი დანაშაულის პრევენციაზეც იზრუნა. მოკლულების ოჯახებს მოლოდინი აქვთ, რომ განაჩენი საბოლოოა და გიორგი ორველაშვილი ციხეს ვერასდროს დატოვებს. თუ კი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები შეზღუდულ შერაცხადს გიორგი ორველაშვილს უვადო პატიმრობაში დატოვებენ, ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის ახალი პრეცედენტი იქნება, რაც სავარაუდოდ პრაქტიკაში აისახება. შესაბამისად სიმულანტობა ან რეალური ფსიქიკური პრობლემები მძიმე დანაშაულების შემამსუბუქებელ გარემოებად აღარ გამოდგება.

ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულებულია. რვასაათიანი განხილვის შემდეგ ცესკო-მ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა და არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა. პერიოდულად, სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ფარულავას ცესკო-ს თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურის დახმარებით დარბაზი დაატოვებინა. რა სახის დარღვევებზე მიუთითებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რა სახის მტკიცებულები წარადგინეს მათ სხდომაზე – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.

შალვა პაპუაშვილი: რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა – გვითხრას ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს?

რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, რატომ მალავენ?! დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა - აი, გავარკვიოთ, გვითხრას ევროკავშირმა, ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს? - განაცხადა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაზე, დასავლეთის ლიდერებისგან მიღებული მოთხოვნების კომენტირებისას. „რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, რატომ მალავენ?! დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა - აი, გავარკვიოთ, გვითხრას ევროკავშირმა, ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს? შემთხვევით, ხომ არ არის ეს ის მედიები, რომლებიც შემდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენც ევროპელები ვართ და ჩვენი ევროპული ღირებულებები გვეუბნება, რომ არ ჯდება ამ ღირებულებაში სკოლებში, ბაღებში იმის სწავლება, რომ სინამდვილეში ორი სქესი კი არ არსებობს, როგორც ათასწლეულებია, ვიცით და საღი აზრი ამას გვეუბნება, არამედ თურმე, შეიძლება ეს არჩევითი იყოს და შეიძლება იყოს უთვალავი სქესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ძალიან ეჭვის აღმძვრელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების კონტექსტში ზემოთ აღნიშნული ორი კანონი სახელდება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონებს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. პაპუაშვილის განცხადებით, რაც შეეხება მითითებებს ევროპულ ღირებულებებზე, ქართველმა ხალხმა ამ ორივე კანონს მხარი დაუჭირა არჩევნებით და „ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, რომლის შედეგები ყველამ უნდა მიიღოს“. „ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ამ ორივე კანონის უკან დგას ქართველი ხალხის ნება“, - დასძინა პაპუაშვილმა. საუბრისას მან გაიხსენა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის პროექტზე სახალხო განხილვების ფაქტი და აღნიშნა, რომ შესაბამის კომისიაში შედიოდა გახარიას პარტიის წარმომადგენელიც, შალვა კერესელიძე. „იგი ესწრებოდა პირველ, გასვლით სხდომებს, როდესაც რეგიონში გვქონდა ხალხთან შეხვედრა, გამოვიდა სცენაზე და მხარი დაუჭირა ამ კანონებს. ამ გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, ის დატუქსეს, როგორც ჩანს, პარტიაში მიიღეს ზარი უცხოეთიდან - მიუღებელია მათი მფარველებისთვის ასეთი კანონების მიღება და შემდეგ კომისიის სხდომებზე ბატონი შალვა კერესელიძეც აღარ გამოჩენილა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრი – ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა იმართება. აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, აპირებენ თბილისის ორივე სანაპირო გადაკეტონ. „ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება. ვფიქრობდით გუნდში, რა იქნებოდა დღეს, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს გადაკეტვას მაინც, მაგრამ იმდენი ვართ, ორივე სანაპიროს გადავკეტავთ“, – განაცხადა ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრმა. აქციის მონაწილეები, ვიდრე მსვლელობას გამართავდნენ, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციას ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ბოლო სიახლეები