ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს.
ბიულეტენების 85%-ის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს პარტიასა და მის მოკავშირეებს 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი აქვთ, ხოლო გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით მოქმედ ბლოკს – 48.
როგორც „ბიბისი“ წერს, არაბულმა პარტიებმა, რომლებიც ჯამში რეკორდულ 19 მანდატს იღებენ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულონ.
მედიის ცნობით, შედეგები წინასწარია და ხმების დათვლის პროცესში შესაძლოა, შეიცვალოს. დასათვლელია ჯარისკაცებისა და დიპლომატების მიერ საზღვარგარეთ ან სამხედრო ბაზებზე მიცემული 430-დან 480 ათასამდე ხმა. შესაბამისად, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა, ორ დღემდე დასჭირდეს.
ორივე ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი კოალიციის შექმნას შეეცდება.
შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ყველა ფრაქციასთან კონსულტაციებს გამართავს და მთავრობის ფორმირებას იმ პოლიტიკურ ლიდერს დაავალებს, რომელსაც, მისი შეფასებით, ამის მეტი შანსი ექნება.

