ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება

ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება.

როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება 1-დან 19 წლამდე პირებისთვის.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

„21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელას 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღინისძიებების შესახებ განკარგულება. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40 წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ“, – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

რაც შეეხება შემოწმების მექანიზმს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოითხოვოს კონკრეტული პირის აცრის სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

ეკატერინე ადამიას განცხადებით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო.

„განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო“, – აღნიშნა ადამიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„იცით, რომ მომდევნო კვირაში მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს მისი მადლი“, – განაცხადა მეუფე შიომ.სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი  28 აპრილს შეარჩია. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი

უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ახალ კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ და პატრიარქის არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებებს.„არაა გასაკვირი, რომ შეტევაა ეკლესიაზე, საპატრიარქოზე. ვნახეთ 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ და მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ის არის მომხრე სარწმუნოების, ოჯახური ტრადიციების. კარგად გვახსოვს მიხაელ როთის და მისი კოლეგების განცხადებები რუსთაველზე, რომ შავბნელ ძალებად მოიხსენიებდნენ ეკლესიას, საპატრიარქოს და მისი აქაური ამფსონები, აგენტურა, ქართული „ენჯეო“ სექტორი, თუ „ნაცმოძრაობა“ როგორ იმეორებდა იმავეს, რომ შავბნელი ძალები არიან საპატრიარქოში და ა.შ. ეს თავდასხმები სწორედ აქედან მომდინარეობს. მათი, ანუ უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პაველ ჰერჩინსკი – წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“ -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ვიდეომიმართვაში.

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის – თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის, სტუ-ის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და საუნივერსიტეტო Fab Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ოთხი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 163 ნოვაციისა და გამოგონების ავტორის, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატის - თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პროფესორ თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო.ბატონი თემური იყო მეცნიერი და ინჟინერი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა, საავტორო ნოვაციები და გამოგონებები გამორჩეულად აისახა ქართული საავიაციო ინჟინერიის განვითარებაზე. სწორედ მისი ინოვაციური აზროვნება და სამეცნიერო მიღწევები გახდა დარგში არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილების დაგეგმვა-განხორციელების საფუძველი.ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას - როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ ავიასაინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.თემურ მაისურაძის პროფესიული მემკვიდრეობა, რაც ფასდაუდებელია სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, სამომავლოდაც გაუკვალავს გზას ახალი თაობის ავიაინჟინრებსა და მკვლევრებს.ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგალაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სხდომაზე სწორედ აღნიშნულზე გაამახვილებს ყურადღებას.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები