აშშ-ის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ სამ გემზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სამხედრო ძალებში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციაში მონაწილე არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.
ამასთან, აშშ-ის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ აშშ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედროებმა 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს გემებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოვაჭრობაში იყვნენ ჩართული კარიბის ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, რასაც, სულ მცირე, 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

