პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ დღეს ამ საკითხზე გაკეთებული განცხადება რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი ლუსტრირებაა.
„ჯერ აშშ-ის, შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა, ახლა კი ევროკავშირის ელჩმა ნათლად და ხაზგასმით თქვა, მათ არ აქვთ ფაქტები, რომ საქართველო სანქციების რეჟიმს არღვევს და ასეთის შესახებ არ სმენიათ. კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლე დროში მოხდა ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციის განცხადებებისა და ბრალდებების, რომლის ერთადერთი მიზანია, დააზიანონ საქართველო და მისი ხელისუფლება და ამით როგორმე, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: „ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს“.