„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ახლა ხდება ის, რასაც ისინი ემუქრებოდნენ საზოგადოებასა და საქართველოს. მათ უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და შიგნით აქვთ, უნდოდათ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადაყენება და საკუთარი ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არჩევნებისთვის კამპანია აქტიურ ფაზაშია. ამ კამპანიის ნაწილია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ყველა კანდიდატი თავისებურად იყენებს. ოფიციალური განაცხადის შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად, პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრესკონფერენცია გიორგი მუმლაძემ გამართა და პარტიას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სტრატეგია დაუწუნა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა იმ პარტიაში, რომელიც უკვე წარსულის ნაწილია.