გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „სწორი მიმართულებით გადადგმულ“ ნაბიჯად აფასებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის სრულად ღია იქნება.
„საჭიროა საერთაშორისო სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლების სრულად აღდგენა ჰორმუზის სრუტეში, რომ ყველა მხარემ დაიცვას ის. ვიმედოვნებ, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, ეს ზომები ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას და გაძლიერებას მხარეებს შორის, პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე დიალოგისას“, – აცხადებს გუტერეში.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იქნება ყველა კომერციული გემისთვის ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში.

