ბოლო დღეების პოზიტივია ის, რომ იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც უცბად დაეცა ახალ ინფიცირებულთან შეფარდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა ზრდის ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობისაა.
„აგვისტოში გარკვეულ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გვქონდა 82 პროცენტი საერთო ინფიცირებულების. შემდეგ დავარდა სადღაც 39 პროცენტამდე, როცა სექტემბერში გვქონდა და გვაქვს ძლიერი ზრდა. ახლა ისევ ავდივართ თანდათან 52 პროცენტზე და ტენდენცია მდგრადია. ეს პატარა, მაგრამ ნიშანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათანობით მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვში სიკვდილიანობა გაზრდილია და 53 გვაქვს, 19 გვქონდა აგვისტოში, ინფიცირებულებთან პროცენტული შეფარდება გვაქვს 0.60 მეასედი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ მაინც შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მართვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„აჭარაში წარმატებით დაიწყო პილოტირება ინფიცირებულების ბინაზე მართვის, რომელიც უკვე გადმოტანილია იმერეთსა და თბილისშიც, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. ასეთი უკვე დაახლოებით 1000-ზე მეტია აჭარაში, ისინი წარმატებით იმართებიან ბინაზე. მათ მხოლოდ დაკვირვება და ოჯახის ექიმის კონსულტაციები სჭირდებათ, წამალი თითქმის არა. ისინი 12 ან 10+3 დღის შემდეგ გადიან იზოლაციიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.