“ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანულმა კინოაკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პრემიის ნომინაციისათვის შერჩეული ფილმები, მათ შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაც ბერლინალეზე სპეციალურ რეტროსპექტივაში “LOLA at Berlinale” იქნება ნაჩვენები.
“ჩემი ბედნიერი ოჯახის” ჩვენება დელფის ცნობილ კინოთეატრში 18 და 21 თებერვალს გაიმართება. LOLA at Berlinale არის პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.
16 დეკემბერს ამერიკულმა გამოცემამ THE WRAP-მა 2017 წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც ასევე აღმოჩნდა “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.
„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა ამერიკის უმნიშვნელოვანეს „სანდენსის“ კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ გაიმართა.