სამშაბათი, ივლისი 28, 2026

შიო მესამე – სულიწმინდას ვევედრებით, მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა, მოგვცეს მადლი ქვეყნის გამთლიანების, რათა ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში

ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში. ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ ქადაგებისას მრევლს წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღე და აფხაზეთობა მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს – აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი, ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. აფხაზეთში, სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის. ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში. მაგრამ ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. უკვე რამდენი წელი გავიდა, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვრწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება, როგორც ყოველი დიდი საქმე. მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ? – „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. აი, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ლოცულობს რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირადი საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომლებიც უშლის მას უფალთან დაახლოებაში, მადლის მიღებაში. ამ ნაბიჯებს თუ გადადგამს, უფალი მას აუცილებლად ეხმარება, მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც, შესაბამისად, ეს სულიერი ცხოვრების კანონია, მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს, გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ, ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენისა და გაერთიანების მადლი. ამაზე იყო საუბარი დღევანდელ საღვთო ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაშიც.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს იმის შესახებ, რომ მას მოუწევდა თავის ზეციერ მამასთან წასვლა და მათი დატოვება. რა თქმა უნდა, მოციქულები ამის გამო ძალიან წუხდნენ. დღეს წაკითხულ საუბარში, ისევე, როგორც სხვაგან, უფალი მათ ძალიან სანუგეშო სიტყვებს ეუბნება. მაგალითად, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის წავა და ამაღლდება ზეცად, ისინი დიდ სასწაულებს მოახდენენ, ისეთივე სასწაულებს მოახდენენ, როგორც თვითონ ახდენდა. მეტიც, უფრო მეტსაც მოახდენთ, ოღონდ თუ დაიცავთ ჩემს რწმენას, – ამბობს უფალი. ისინი მეტ სასწაულს მოახდენენ არა იმიტომ, რომ იესო ქრისტეზე მეტნი გახდებიან, აღმატებულნი იქნებიან, არამედ იმიტომ, რომ როდესაც უფალი სრულად შევა საღვთო დიდებაში, განდიდდება და ამ საღვთო ძალაუფლებას, ხელმწიფებას სრულად დაეუფლება, მაშინ უფრო მეტ სასწაულებს მოახდენს თვითონ უფალი სულიწმინდის ძალით და თავისი მოწაფეების მეშვეობით.

უფალი ასევე ეუბნება მათ, რომ თქვენ შეგეძლებათ, ღმერთს მიმართოთ ლოცვით, იესო ქრისტეს სახელით (რაც აქამდე არ ხდებოდა) და ღმერთი ყველა თქვენს თხოვნას შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ნუგეში მისი არის ის, რომ მან აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის მოვლინება, მაგრამ აქაც პირობას აყენებს: „დაიცავით ჩემი მცნებები და მე შევთხოვ ზეციერ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინისმცემელს, რომელიც მარადიულად თქვენთან იქნება, საუკუნოდ თქვენთან იქნება“ (ინ. 14, 15-16).

„ნუგეშინისმცემელს“ უფალი უწოდებს სულიწმინდას, ვინაიდან ის იქნება ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტეს ნაცვლად ჩვენი წინამძღოლი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი. ასევე უფალი ეუბნება მათ ასეთ რამეს: გარდა იმისა, რომ მოგივლენთ ნუგეშინისმცემელს, მექნება თქვენთან უმჭიდროესი კავშირი, მუდამ ვიქნები თქვენთან, „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად“ (ინ. 14, 18). აი, ეს საოცარი მონაკვეთია დღეს სახარებიდან წაკითხული. „მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) და თქვენც, ჩემთან ერთობით, როგორც სიცოცხლის წყაროსთან, იქნებით ცოცხალნი ყოველთვის. აი, ასეთი სანუგეშო სიტყვები იყო წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდა ეკლესიას მიეცა სამარადჟამოდ, ის განუწყვეტლივ მოქმედებს ეკლესიაში, ქრისტიანების გულში, თუ, რა თქმა უნდა, რწმენას იცავენ და სარწმუნოებით ცხოვრობენ ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებში, თუ ასევე რწმენით ვიღებთ მათ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მადლით ხართ გამოხსნილები და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია“ (ეფეს. 2, 8-9).

ეს არის ნიჭი ნუგეშინისმცემელი სულიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით რამდენიმე დღეში, სულ ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული. ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, განგვწმინდოს, გაგვაძლიეროს, აცხონოს ჩვენი სულები და მოგვცეს დიდი მადლი ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგებისა და იმ ძმური სიყვარულის აღდგენისა, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის; მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით; მოგვცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ!

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ...

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:ძლიერი შფოთვა და პანიკა; ჰალუცინაციები და ფსიქოზი; აგრესია; კრუნჩხვები; გონების დაკარგვა; სუნთქვის გაძნელება; ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, - წერს ნარკოლოგი.

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის საშიშროება გამოიწვია

ტოკიო და ლონდონი - სამშაბათს, იაპონიის სამხრეთით 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რის გამოც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კუმამოტოს პრეფექტურაში, ადგილობრივი დროით 16:30 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, სიღრმეში კი 6 მილზე ოდნავ მეტი იყო. იაპონური საინფორმაციო სადგური NHK იტყობინება, რომ მიწისძვრა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. იაპონიის ბირთვული რეგულირების სამსახურმა საგანგებო განახლებაში განაცხადა, რომ იკატასა და გენკაის ახლომდებარე ობიექტებში „ანომალიები“ არ დაფიქსირებულა. ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას ოკეანესა და ზღვის სანაპიროსთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესიაზე საფრანგეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

შეერთებული შტატების დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესია პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვა, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. აშშ-ის პროტესტი უკავშირდება ფრანგი დიპლომატების გამონათქვამებს, რომლებმაც შეერთებული შტატები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხების გამო გააკრიტიკეს.ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, დიპლომატების მიერ კრიტიკული მოსაზრებების გაცვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად ვოლკერ ტურკის ხელახალ დანიშვნას მოჰყვა.ცნობისთვის, 24 ივლისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ტურკი ოთხწლიანი ვადით ხელახალ დანიშვნას მხარი დაუჭირა. ტურკს წევრი ქვეყნების უმრავლესობის, მათ შორის საფრანგეთის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვაშინგტონის პოზიცია გააკრიტიკა.„აშშ ოდესღაც ადამიანის უფლებების დაცვის შუქურა იყო. ახლა ასე აღარ არის. დღესამერიკა ჩრდილოეთ კორეის, ნიკარაგუის, მალისა და რუსეთის გვერდით აღმოჩნდა იზოლაციაში და მსოფლიო მას აღარ უსმენს“, – ნათქვამია განცხადებაში.საპასუხოდ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს „ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევებს“ და ხმას აძლევს ადამიანს, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ დემოკრატიებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს „ლექციებს უკითხავს“.

„გოულახია თემურა ბიჭო!“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად. 

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს თანასწორ, პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.„წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა.„ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები