პარასკევი, ივნისი 26, 2026

შალვა პაპუაშვილი – ჩვიდმეტ ქვეყანას ვეტყვი: თავიანთ ქვეყნებში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს, პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მოითმენენ?! ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უსტანდარტობა

მნიშვნელოვანია, შეწყდეს უსამართლო თავდასხმა საქართველოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის, რაც მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს და ამას აჩვენებს გამოკითხვები, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობა ეცემა.

„არ ვიცი, პოლიციელზე წიხლით შედგომა, ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება? ამ ჩვიდმეტი ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს: თავიანთ ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! სამწუხარო, იცით, რა არის? ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ჩვენ პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას. ამას აჩვენებს გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, რადგან უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათ მიერ დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე.

„გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, არ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი – დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მობრუნდნენ, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვილის დედა ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბავშვი უკვე 3.200 კილოგრამს იწონის, ანალიზები კარგია, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ნაწლავის სიგრძე 55 სანტიმეტრს აღწევს,- ამის შესახებ დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში წერს.„გაბრიელი უკვე 3.200 კილოგრამია. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში… ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია... როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი… რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო... ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება, ხომ?  ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, ის 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია.რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა, ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი, დრო არ იცდიდა... და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“ - წერს თაკო ბარბაქაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია თოფურია: “მიყვარხარ საქართველო! დიდი მადლობა.”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა."ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:"მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა" - წერს ილია თოფურია.

გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა 23 წლის თემო კუბლაშვილია.

23 წლის ტყიბულელმა თემო კუბლაშვილმა თბილისში, ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის 11 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალში ბურთი გადაუვარდა და ახალგაზრდა მის გამოსატანად შევიდა, თუმცა შუა ტბაში ძალა გამოეცალა და შველას ითხოვდა. მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე ახალგაზრდის გადასარჩენად ტბაში თემო კუბლაშვილი გადახტა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს სიბნელეში მიაგნო და ნახევრად გონდაკარგული ნაპირზე გამოიყვანა. თემო კუბლაშვილი თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს.

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოლქვაძემ ბელგიელი ჟელინ ვანდრომი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა.პირველ სეტში ბოლქვაძემ გადამწყვეტი ბრეიქი მეშვიდე გეიმში შეასრულა, ხოლო თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს. მეორე სეტში ბელგიელმა ორი ბრეიქის შესრულება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ სეტში ბოლქვაძემ მეტოქეს სამჯერ აართვა ჩაწოდება.28 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ეს მეორე გამოსვლა იქნება – პირველად მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა ძირითად ბადეში მოხვედრა და ერთი წრის გავლაც შეძლო.უიმბლდონის ძირითადი ეტაპი 29 ივნისს დაიწყება, მანამდე წილისყრა შედგება და ბოქლვაძე თავისი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

ბოლო სიახლეები