ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

შალვა პაპუაშვილი: გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო

გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო – მათ აიღეს პასუხისმგებლობა თანამემამულეებზე არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებშიც,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „წარმატებული ემიგრანტების“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და „დიასპორის სახლს“ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს თანამემამულეებს განსაკუთრებული დახმარება გაუწია.

„მძიმე პერიოდი გავიარეთ პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოწვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია სამყარო, რამდენად ადვილად შეიძლება, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ბევრი რამ, რაც ჩვეული ყოფის ნაწილი გვგონია. ეს იყო დიდი გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის.

ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დიასპორამ განსაკუთრებული ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. მათ, როგორც წარმატებულმა ექიმებმა ან როგორც მოხალისეებმა, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თანამემამულეებზე. მართლაც, სასწაულის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ვაკვირდებოდით, როგორ მოხდა თვითორგანიზებით ამხელა ქსელის შექმნა, რომლის იმედი ჰქონდათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ საქართველოში მყოფ ადამიანებსაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დიასპორასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას გადაუხადა მადლობა, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის წარმომადგენლებთან.

„საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კომუნიკაციაში იყოს დიასპორასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბექა ოდიშარიას, რომელიც პარლამენტის ხიდია ჩვენს დიასპორასთან და ამას პირადად ვგრძნობთ თითოეული დეპუტატი, მათ შორის, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რომ პარლამენტი ასე გაააქტიურა ამ სფეროში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში.დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავისა და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.გასულ წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.

დონალდ ტრამპი – მოქალაქეობას გავუუქმებთ ყველა იმ ნატურალიზებულ იმიგრანტს, რომელიც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული

ჩვენ ვაპირებთ, მოქალაქეობის გაუქმებას სომალიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან ჩამოსული ნებისმიერი ნატურალიზებული იმიგრანტისთვის, ვინც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მსგავს პირებს ქვეყნიდან გააძევებს.„თუ ამერიკაში, ამერიკელების გასაძარცვად ჩამოხვალთ, ციხეში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ იქ, საიდანაც მოხვედით. პირდაპირ ციხეში ჩაგსვამთ. მათ ეს იციან,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ 5 ოჯახს საახალწლო საჩუქრად სახლი გადასცა

საახალწლო კონცერტი გაიმართა სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე. სამტრედიელებს ძველით ახალი წელი, ტრადიციულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს კი, საჩუქრად სახლი გადასცა. დღეიდან, ახალ სახლში, ჯამში, 5 ოჯახი იცხოვრებს."ვაგრძელებთ ტრადიციას, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, სამტრედიაში გვაქვს კონცერტი.გარდა ამისა, ვაბედნიერებთ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ.რა თქმა უნდა, ყოველწლიურად გავაგრძელებთ იმ ოჯახების დახმარებას, დასაჩუქრებას მაცხოვრებლებით, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც ჯანსაღ ქართულ სისტემაში დაიკავებენ ადგილს, იმედი გვაქვს, ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით

უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში.ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით.„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამას ემსახურებოდა ის სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ არაკონსტიტუციური მიზნები და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან პოლიტიკურ სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ სწორედ ასეთი გამართული დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები