ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026

ფიონჩანგში პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები პირველად იასპარეზებენ

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ.

9-18 მარტს კორეაში, ქალაქ ფიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, რომელშიც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.

9 მარტს ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად  წარადგენს.

დღეს თბილისის პარაცენტრში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარალიმპიურ დელეგაციას შეხვდა.

ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს.

საქართველოში პარალიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაარსდა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები კორეის ფიონჩანგში 9-25 თებერვალს ჩატარდა. ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა რიოს 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე შეძლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მსოფლიოს ჩემპიონია პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ...

გულითადად გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას, წმიდათა მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას. დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, საქართველოს ისტორია მეტყველებს, რომ, მრავალი განსაცდელისა და დაცემის მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან.„დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღრობდა ამ გზაზე.ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიის და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზის და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა, ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში, ღვთის განგებულებით და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლი, საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი, კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მცხეთაში დავანება, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. წერს იგი: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განურღვეველი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალოვნად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა. სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქის განცხადებით, სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად.„სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტესშობამდე ექვსასი წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული. ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე – საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა“, – განაცხადა შიო მესამემ.ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის.„ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქის განმარტებით, დღეს ასევე აღინიშნება ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა.„კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

მიხეილ ყაველაშვილი – დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ სულიერ საწყისებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი თანაარსებობა

სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.მისი თქმით, „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“.„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე – მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ საწყისების გაფრთხილება.„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული. მანანა კობახიძეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ ზურაბ გუდავაძესა და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძეს შეხვდნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში იაპონიის დელეგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ: კომპანია Riken Kogyo Co., Ltd.-ის პრეზიდენტი და დირექტორი იუკიჰირო შიბაო და წარმომადგენელი ჯუნიჩი ტაკამია; HAGIHARA INDUSTRIES INC.-ის უფროსი გენერალური მენეჯერი მასაკაზუ საკო; KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტომონორი დეგუჩი; ArkEdge Space Inc.-ის უფროსი ექსპერტი შიო კამიბაიაში; SPEC CORPORATION JAPAN-ის გენერალური მენეჯერი იოჰეი სომა; PADECO Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტეცუია სუგიმოტო; Tokai-Denshi Inc.-ის წარმომადგენლობითი დირექტორი ტარო ოკამურა; JGC HOLDINGS CORPORATION-ის აღმასრულებელი ოფიცერი იოშიმიცუ ტაკანიში; ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრის უფროსი მრჩეველი შინსაკუ ფუკაზავა; იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჰოკაიდოს ცენტრის თანამშრომელი მარინა კიდო და ექსპერტ-კონსულტანტი მასაკი კოდა; ასევე, გაზეთ Hokkaido Kensetsu Shimbun-ის ჟურნალისტი იუკი ოსაკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებების გამოვლენას. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, იაპონიის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა საინჟინრო, ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების სფეროების პერსპექტივიდან იქნეს განხილული.„იაპონიის დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტების საქმიანობასა და კვლევით მიმართულებებს, რაც დელეგაციის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული ინტერესების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იაპონელი სტუმრები წარმოადგენენ იაპონიის სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, მათ შორის საინჟინრო, სამრეწველო, ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ, საკონსულტაციო და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც სამრეწველო წარმოებასა და საინჟინრო პროექტების მართვას, ისე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საერთაშორისო განვითარების პროექტებში მონაწილეობას.დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, იუკიჰირო შიბაოს ხელმძღვანელობით მოქმედი Riken Kogyo Co., Ltd.-ი სპეციალიზებულია თოვლის, ქარისა და ქვიშისგან დამცავი ღობეების პროექტირებაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიის საქმიანობა უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაუმჯობესებას განსაკუთრებით რთული კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქარბუქის, თოვლის დაგროვებისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული პრობლემების პრევენციისთვის.დელეგაციაში წარმოდგენილი HAGIHARA INDUSTRIES INC.-ი სამრეწველო წარმოებისა და ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს, ხოლო KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ი, SPEC CORPORATION JAPAN-ი, Tokai-Denshi Inc.-ი და JGC HOLDINGS CORPORATION-ი სხვადასხვა საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ბიზნესმიმართულებას წარმოადგენენ. ArkEdge Space Inc.-ი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მცირე თანამგზავრების განვითარების სფეროში მუშაობს, PADECO Co., Ltd.-ი კი საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგრეთვე ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრისა და JICA-ს წარმომადგენლები, რაც ვიზიტის პროფესიულ და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ განზომილებას აძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალი, რაც ქმნის მყარ საფუძველს აღნიშნულ კომპანიებთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, როგორც იაპონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულებებისა და კვლევითი პოტენციალის შესახებ, გაეცნო ფაკულტეტების გამოცდილებას და გამოკვეთა ურთიერთთანამშრომლობისთვის საინტერესო სფეროები, რაც მყარ საფუძველს ქმნის სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და აკადემიურ და ინდუსტრიულ სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის.

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა

ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.ამასთან დაკავშირებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად - არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.

ბოლო სიახლეები