საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: ,,ტყიბულის ჩაი“, ,,მაჭახელას თაფლი“, ,,ქუთაისის მწვანილი“ და ,,ახალქალაქის კარტოფილი“.
აღნიშნულთან დაკავშირებით „საქპატენტი“ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
,,14 მარტს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“ თბილისის ოფისში,გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომა, სადაც ხელი მოეწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის N1/2018 გადაწყვეტილებას ,,ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მხარეთა მიერ ასოცირების ხელშკრულების საფუძველზე ნაცვალგების წესით დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სიების განახლებას. კერძოდ, გადაწყვეტილების ხელმოწერის შედეგად, დღეიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: ,,ტყიბულის ჩაი“, ,,მაჭახელას თაფლი“, ,,ქუთაისის მწვანილი“ და ,,ახალქალაქის კარტოფილი“. ასევე, განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სია.
ქვეკომიტეტის სხდომაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ, ესტონეთსა და ლატვიაში, გამოვლენილი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების (ხვანჭკარა, ქინძმარაული, ჩურჩხელა) უფლებების დარღვევის ფაქტები და ამ ფაქტებზე ევროკავშირის მხარის მიერ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად უფლებების აღსრულებისა და დაცვის მექანიზმების განხორციელების საკითხები. გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად. ქვეკომიტეტის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება. დღეს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: okribanews.ge