ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

„დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას“. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით.

კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში ილია მეორის გარდაცვალებამ, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ილია მეორის ღვაძლი ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში ფასდაუდებელია.„უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ.ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სოზარ სუბარი – პატრიარქმა მთელი ცხოვრება იღვაწა ჩვენი სულის გადასარჩენად, დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუძღვნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი წერს.როგორც სოზარ სუბარი წერს, 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.„უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს სულს, უწმინდესო და უნეტარესო. 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში შეძლო ქართველების დაბრუნება რწმენაში და ერის გაერთიანება ეკლესიის გარშემო, შექმნა ეპოქა, რომელიც გრძელდება მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგაც და არასდროს დასრულდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს.მთელი ცხოვრება ილოცა და იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად და საქართველოს ქრისტეს გზაზე დასაბრუნებლად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის. უფალმა ჩაიბაროს მისი წმინდა სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მშვიდობით განისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენი ლოცვა არ მოჰკლებოდეს საქართველოს“, – წერს სოზარ სუბარი.

ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს მოხდება.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 საათზე დაიწყება.„დღეს, 2026 წლის 18 მარტს მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. 

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაერო-ს გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იაპონიის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დავუშვებთ სახელმწიფო დროშას

საქართველოში იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.„მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვებს სახელმწიფო დროშას“, – წერს საელჩო.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები