საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა.
საქართველოს მთავრობასთან ამ დიალოგის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საქართველო განიხილება, როგორც წარმატებული მაგალითი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის, ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი აღნიშნული სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს კონსულტაციები და თანამშრომლობა.
მანამდე შეხევედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ამ ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები, მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.