“გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან”- ასე ჰქვია თამბაქოს კანონმდებლობის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანიას, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა.
ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრიც მონაწილეობს. კამპანიის გახსნას ესწრებიან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 33% აქტიური მწეველია, 39% პასიური მწეველი. საერთო ჯამში კი მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საქართველო თამბაქოს ეპიდემიის მხრივ მსოფლიოში 12-ე, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზეა.
ამასთან, ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება. ცნობილია ჯარიმების ოდენობა, რომელსაც აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევისთვის გადაიხდით.