ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

საქართველოში ირანის ელჩმა ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

,,დღეს ქართულ მედიასაშუალებებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, უწინარეს ყოვლისა, განვაცხადე, რომ ირანს არც ერთი ომი არ დაუწყია. ირანის ისლამური რესპუბლიკა 2025 წლის ზაფხულში, ისევე როგორც 2026 წლის ზამთარში, მაშინ, როცა მოლაპარაკებას აწარმოებდა, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ევროპელი მოკავშირეების მხრიდან გახდა თავდასხმის ობიექტი.
ამ ამბავში ყველაზე მეტად შემაშფოთებელი გახლავთ ის, რომ რეალისტურად არ ფასდება საერთაშორისო სისტემის მყიფე მდგომარეობა. სანამ უკრაინის ომი გრძელდება, მსოფლიოს ეკონომიკა რეცესიას განიცდის, პანდემიის შედეგები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა, საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოება დარღვეულია, გრძელდება პოლიტიკური პრეტენზიების გამოთქმა ლათინური ამერიკისა და გრენლადიის მისამართით. ახლო აღმოსავლეთში ახალი ფრონტის გახსნა სარისკო ნაბიჯია, რომელიც დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ირანის ისლამური რესპუბლიკა თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ფარგლებში და ეყრდნობა ლეგიტიმური თავდაცვის განუყოფელ უფლებას. ეს თავდაცვა მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ირანის ცისა და საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოების დაცვას.
ირანის თავდაცვითი ქმედებები არ არის მიმართული მისი მეზობლების წინააღმდეგ; ისინი მიმართულია მხოლოდ იმ სამიზნეებისა და ბაზებისკენ, რომლებსაც აგრესორი ძალები იყენებენ ირანის წინააღმდეგ ლოჯისტიკის უზრუნველყოფის, ოპერაციების წარმართვის ან დაწყებისთვის.
ამ მოვლენების განვითარებამდე, სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებში გაგზავნილ იქნა დიპლომატიური მისიები, რომელთაც შესაბამის მხარეებს გადასცეს საჭირო გაფრთხილებები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა ირანის აწ მოწამეობრივად აღსრულებული თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბაქოში და მისი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
ბევრმა მეზობელმა ქვეყანამ ხაზგასმით განაცხადა, რომ არ დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე თავდასხმისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ოფიციალურად აღიარა საკუთარი სამხედროების ყოფნა ქუვეითში, გაჩნდა გაურკვევლობა ამ შესაძლებლობების გამოყენების გზებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი გამოიძახეს, რათა ოფიციალური ახსნა-განმარტება გაეკეთებინა. ჩვენი შეკითხვა ნათელი გახლდათ: რანაირად იმყოფებიან ამერიკელი ჯარისკაცები და სამხედრო თვითმფრინავები იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც ამას წინათ ხაზი გაუსვა საკუთარ ნეიტრალიტეტს?!
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ განმარტა, რომ ნებისმიერ ახალ თავდასხმას გარდაუვლად ექნება რეგიონული მასშტაბები. ეს არ არის მუქარა, არამედ რეგიონის გეოპოლიტიკური რეალობის აღწერას წარმოადგენს. რეგიონის უსაფრთხოება სტრუქტურულად დაკავშირებულია ირანის უსაფრთხოებასთან. ვერც ერთი შეტაკება ირანთან, ვერ დარჩება მხოლოდ ორმხრივ კონფლიქტად. თუმცა, ირანი ომს არ მიესალმება და როგორც კი აგრესია შეწყდება, ეროვნული ინტერესებისა და რეგიონის საერთო კეთილდღეობის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ირანი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა თითქმის ოთხმოცდაათ მილიონს აღწევს და რომელსაც დიდი ისტორიული ცივილიზაცია გააჩნია; ირანი არ წარმოადგენს მცირე სამხედრო სამიზნეს ან წარმოსახვით სტრუქტურას.
ამავდროულად, გარკვეული წინააღმდეგობები შეიმჩნევა ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებებში. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ „ირანი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა“, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ საფრთხე არ არსებობდა, რატომ აკისრებდით ყოველდღიურად დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს?!
თუკი მანამდე და 2025 წლის ზაფხულის ომის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ბირთვულ სფეროში არსებული შესაძლებლობები „სრულად იქნა განადგურებული“, მაშ, რატომ მოიხსენიებენ იგივე მიზეზს ოპერაციების მიზნად? მაშინ იცრუეს თუ ახლა ამბობენ ტყუილს?
ოფიციალურ განცხადებებში არსებული ეს წინააღმდეგობები, მოითხოვს მკაფიო პასუხს.
მსოფლიო უკეთესი ვერ გახდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სკოლების, საავადმყოფოების ან კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლების, განადგურებით. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გლობალური საზოგადოების სინდისს.
პოლიტიკურ დონეზეც შეუსაბამო განცხადებებს ვაწყდებით. ბატონმა ჯი დი ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ მიზანს არ წარმოადგენს ხელისუფლების შეცვლა. არადა, თავად ამერიკაში გაკეთებული სხვა განცხადებები ქმნის განსხვავებულ აღქმას. დღეს ეს არათანმიმდევრულობა ამერიკის ოფიციალურ პირთა განცხადებებში თავად ამერიკელი ხალხისთვის წარმოადგენს დაფიქრების საგანს.
მეორე მხრივ, სიონისტური რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სცადა ამ კონფლიქტის რელიგიური ინტერპრეტაცია მოეხდინა. მისი თქმით, თავდასხმა განხორციელდა ახალწარმოშობილი შიიტური და სუნიტური ძალების შეჩერების მიზნით. ეს ხდება იმის მიუხედავად რომ ზოგიერთ სუნიტურ მუსლიმურ სახელმწიფოსთან „აბრაამის შეთანხმების“ ხელმოწერისას, მან ეს ქმედება ისლამურ სამყაროსთან დაძაბულობისა და კონფლიქტის დასრულებად გამოაცხადა, თუმცა მანვე ღაზაში 50 000-ზე მეტი უდანაშაულო სუნიტი მასობრივად გაანადგურა.
ისრაელს დღეს აშინებს თურქეთისა და ეგვიპტის, სუნიტური სამყაროს ორი მნიშვნელოვანი ძალის, პოტენციალი, და ელოდება, როდის შეძლებს მათთვის შემდგომი დარტყმის მიყენებას.
ჩემი ქვეყნის თვალთახედვით, რეგიონული თანამშრომლობის გზაზე სიარული შესაძლებელია, თუმცა იდენტობითა და რელიგიით მოტივირებული დაპირისპირების დღის წესრიგი, რომელსაც ისრაელი მიჰყვება, მხოლოდ განხეთქილების გაღრმავებას იწვევს.
რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებები, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ძალთა ბალანსის ხელახალ განსაზღვრას იწვევს და ისეთი აქტორები, როგორიცაა თურქეთი, უფრო აქტიურ როლს იძენენ. დასავლურმა სამყარომ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ პროცესებთან დაპირისპირება მილიტარიზაციის ან რელიგიური პოლარიზაციის გზით სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს.
საბოლოოდ, ირანი ისწრაფვის სტაბილური რეგიონისკენ, რომელიც თავისუფალია გარე ჩარევისგან და ეფუძნება რეგიონული სახელმწიფოების თანამშრომლობას. ირანი საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას განიხილავს როგორც განუყოფელ უფლებას. ნამდვილი გამოსავალი არის დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი რეალური ერთგულება — და არა ომის მასშტაბების გაფართოება.
ირანის ისლამური რესპუბლიკისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს მოვლენებს რეალისტურად და ზუსტი გათვლით მიუდგეს, ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი ოფიციალური განცხადება არ შეესაბამება არსებულ პოლიტიკურ რეალობებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ირანის რეჟიმი აღარ არსებობს“ და „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“. თუ ეს სიტყვები სათვალავში ჩავაგდეთ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ირანის მმართველი სტრუქტურა აღარ არსებობს, მაშინ სამხედრო ოპერაცია ვის წინააღმდეგ მიმდინარეობს?
ომი მიმართულია ობიექტური პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის წინააღმდეგ და არა წარმოსახვითი ჰიპოთეზის წინააღმდეგ. ირანის ისლამური რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია სუვერენიტეტი, ჰყავს თითქმის 90 მილიონამდე მოსახლე და წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალურ წევრს. ამ რეალობის იგნორირება ვითარების სწორ ანალიზს ხელს ვერ შეუწყობს. ასეთი განცხადებები აჩენს შეშფოთებას, რომ პოლიტიკურ რიტორიკასა და სტრატეგიულ გათვლებს შორის სერიოზული განსხვავება არსებობს. საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარის ზუსტ შესწავლას, შედეგების რეალისტურ შეფასებას და მარტივი პროპაგანდისტული მეთოდებისგან თავშეკავებას.
ეს მიდგომა მიუთითებს, რომ ამერიკამ ტრამპის მეშვეობით „დაუსრულებელ ომში“ ამოჰყო თავი. თუკი ასეთი ისტორიული, დემოგრაფიული და გეოპოლიტიკური მასშტაბის ქვეყანას, მხოლოდ მედია-განცხადებების საფუძველზე, „დამთავრებულად“ აღვიქვამთ, თვით ეს ფაქტი იქნება არასწორი გათვლის ნიმუში. ამ არასწორ გათვლას შესაძლოა რეგიონისა და თავად ამ გადაწყვეტილების მიმღებთათვისაც მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ირანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ომს არ ესწრაფვის. ირანი გადაწყვეტილებებს რეალობის საფუძველზე იღებს, არა წარმოსახვის ან პროპაგანდისტული რიტორიკის მიხედვით. რეგიონული სტაბილურობა მოითხოვს ურთიერთგაგებას და ზუსტ ანალიზს, არა ემოციურ ნარატივებს. დღეს ირანი არის მდგრადი რეალობა რეგიონულ და საერთაშორისო გათვლებში; ირანი არსებობს, რადგან ირანელი ხალხი არსებობს. ეს უწყვეტობა არის წლების მანძილზე განხორციელებული აღდგენის, ორგანიზებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგი, რასაც ადგილი ერაყის ბაასისტურ რეჟიმთან თავსმოხვეული ომის შემდეგ.
ერაყთან რვაწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ, ქვეყნის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა. თუმცა, დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, ქვეყნის თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და მართვის სტრუქტურები ხელახლა ისე შეიქმნა, რომ ირანმა შეძლო გაევლო აღდგენითი ეტაპი და მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე გამხდარიყო. ირანის სწრაფი და მრავალშრიანი რეაგირების შესაძლებლობა ნებისმიერი აგრესიის მიმართ სწორედ ამ გრძელვადიანი ორგანიზების შედეგია; ორგანიზებისა, რომელიც შეესაბამება ირანის გეოპოლიტიკურ მდებარეობას და რეგიონის უსაფრთხოების რეალობას.
დღეს ჩვენ ვართ რეგიონის გეოპოლიტიკურ ცვლილებებში ახალ შემობრუნების წერტილთან. ამ პერიოდში არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას ირანის როლი. რეგიონის უსაფრთხოების სტრუქტურა ირანის პოზიციის გათვალისწინების გარეშე ნაკლული და არამდგარადია. ამავდროულად, დღევანდელი მსოფლიო აღარ არის ის, სადაც შესაძლებელი იყო რთულ მოვლენების მარტივი ახსნით, იარლიყის მიკვრით ან ხალხთა სოციალური და პოლიტიკური რეალობების უგულებელყოფით ბალანსის შეცვლა. ნებისმიერი თავდასხმა სამოქალაქო პირებზე, ბავშვებზე ან საჯარო ინფრასტრუქტურაზე არა მხოლოდ არ ქმნის ლეგიტიმურობას, არამედ გლობალურ საზოგადოებას თავდამსხმელის წინააღმდეგ განაწყობს. ბავშვების სხეულის დაზიანება ეფშტეინის კუნძულზე ან 158 გოგონას სიკვდილი მინაბის სკოლაში, ირანში, ერთი მნიშვნელობის მქონეა.
ირანი არა წარმავალი წარმოსახვების, არამედ რეალობის, ეროვნული შესაძლებლობებისა და ისტორიული გამოცდილების საფუძველზე საუბრობს. ირანის არსებობა ეროვნული ნების, სტრატეგიული ორგანიზების და გეოპოლიტიკური გარემოს ზუსტი გააზრების შედეგია — და ეს რეალობა მომავალ რეგიონულ გათვლებშიც განმსაზღვრელი იქნება.
შემდეგ ვუპასუხე დამსწრეთა შეკითხვებს. ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული და საზღვაო მთლიანობის მიმართ ნებისმიერი თავდასხმა თანაბარი მნიშვნელობისაა. თუ „განცხადებაში“ სპარსეთის ყურის ნაცვლად გამოყენებული იქნება ალტერნატიული ან გამოგონილი ტერმინი, ჩვენი თვალსაზრისით ეს ნიშნავს თავდასხმას ჩვენს საზღვაო წყლებსა და სუვერენიტეტზე. ირანი არის ქვეყანა, რომელიც არ დაუშვებს, რომ საკუთარი მიწა-წყლის ნაწილი, როგორც „ზოგიერთი ქვეყნის გაურკვეველი ტერიტორია“, დაექვემდებაროს შეჭრას ან ოკუპაციას”-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯინი  facebook- ზე წერს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს

ბატონმა ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.„რთულ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად როცა აღიქვამენ და როდესაც დიდი ტყუილები რეალობას ფარავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოლაპარაკების მაგიდის აფეთქება ზიზღის გამო“, – დაწერა აბას არაღჩიმ. 

სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომართეს მშობლებმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ირღვეოდა მათი შვილების უფლებები, ვინაიდან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ სასკოლო მზაობის ეტაპი და შეეძლოთ აღნიშნულის დადასტურებაც.„მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მშობლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მითითებულ პერიოდში დაბადებული ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ განათლების პოლიტიკის შემდგომი დაგეგმვის პროცესში ერთ-ერთ ძირითად პრინციპად გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მსგავსი საკითხები განიხილება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრს დაარსებიდან 88 წელი, ხოლო სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 78 წელი შეუსრულდა. საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო თარიღებს გაზაფხულის პირველი კონცერტი მიუძღვნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონცერტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები, ჯაზის და ბლუზის მომღერლები მონაწილეობდნენ, სტუ-ის მეორე სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სივრცეში, სრული ანშლაგით წარიმართა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ლეგენდარულმა ჯაზ-ორკესტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანას საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოუტანა. რექტორის თქმით, ჯაზ-ორკესტრის ისტორია არა მხოლოდ მუსიკალური მემკვიდრეობის ქრონიკაა, არამედ უნივერსიტეტის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი უმაღლესი საინჟინრო სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ცნობილია თავისი მეცნიერებითა და ინჟინერიით, თუმცა მისი სული და ხასიათი სწორედ ისეთ შემოქმედებით კოლექტივებში იკვეთება, როგორიც ჩვენი სახელოვანი ჯაზ-ორკესტრია. მაესტრო იოსებ ტუღუშის ორკესტრმა და მის ბაზაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ლეგენდარულმა ჯაზ-ბენდმა ათწლეულების განმავლობაში შექმნა მაღალი პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულების უნიკალური სინთეზი.განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, თითოეულ მუსიკოსს - როგორც ვეტერანს, ისე ახალგაზრდას - იმ თავდადებისა და ნიჭიერებისთვის, რითაც ეს საღამო დაუვიწყარ მოვლენად იქცა. მსმენელის ემოცია, სავსე დარბაზი და ხანგრძლივი ოვაციები ნათლად ადასტურებს, რომ საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თაობებს მომავალშიც გააერთიანებს და არაერთ წარმატებას მოუტანს ჩვენს ალმა-მატერს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრის ტრადიციებსა და მის შემოქმედებით განწყობებზე ყურადღება გაამახვილა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და დირიჟოორმა, მაესტრო ირაკლი კალმახელიძემ.„ჩემი ცხოვრება “გეპეის ჯაზ-ორკესტრს” 1968 წლიდან დავუკავშირე, მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ამ ჟანრს დიდმა მაესტრო სოსო ტუღუშმა მაზიარა და ვთვლი, რომ დღემდე მისი საქმის ერთგული გამგრძელებელი ვარ. 2018 წელს საუნივერსიტეტო ორკესტრმა 80 წლის იუბილე აღნიშნა და ფილარმონიასთან მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. სწორედ მაშინ მიენიჭა ორკესტრს მაესტროს სახელი. ჩვენი ორკესტრის ისტორია 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, სასულე ორკესტრს ნიკოლოზ თევზაძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ წლებში კი კოტე კარგარეთელი. მოგვიანებით, დორიან კიტიას მოსვლით ოქროს ხანა დაიწყო - 1957 წელს ჩვენი ორკესტრი მხოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი გახდა. ორკესტრთან თანამშრომლობდნენ ცნობილი კომპოზიტორები: სანდრო მირიანაშვილი, კონსტანტინე პევზნერი, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, გია ყანჩელი, გურამ ბზვანელი და სხვები. ჩვენი ბიგ-ბენდი ერთგვარი სამჭედლო იყო ქართული ესტრადისა. აქ, ამ ორკესტრის წიაღში შეიქმნა ცნობილი მუსიკალური დუეტები, ტრიოები, მათ შორის ჯემალ სუხიშვილის ტრიო, გეპეის ცნობილი კვარტეტი - გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ჯანსუღ კახიძის „შვიდკაცა“, ანსამბლი „რერო“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “გეპეის ჯაზ-ორკესტრთან“ შეიქმნა იმ დროისთვის სრულიად ახალი - კონფერანსიეს ჟანრი, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ ბაჯული გელოვანი, პაატა კახნიაშვილი, აბესალომ ლორია, ირაკლი მამაცაშვილი, ქართლოს კასრაძე, გია ჭირაქაძე. ამ სცენაზე აიდგა ფეხი ჩვენი ესტრადის თითქმის ყველა ვარსკვლავმა, მათ შორისაა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, დემურ ცქიტიშვილი, სერგო გოცირიძე, ნიკო ჯადუგიშვილი, გიული ჩოხელი, ჯილდა დათუაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ეთერ კაკულია, დები ჩაფიჩაძეები, ზურა კობეშავიძე, ეკა კვალიაშვილი, გია მაჭარაშვილი, თემურ თათარაშვილი, თეკლა კალმახელიძე, თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე და მრავალი სხვა.ჩვენი ჯაზ-ორკესტრი დღეს უკვე ბრენდია, რომელიც ერთგულად აგრძელებს ძველ ტრადიციას და ქმნის ხარისხიან, მაღალი დონის პროდუქტს, რისი მიღწევაც შეუძლებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე. ჯაზ-ორკესტრის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს - აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს - პროფესორ კარლო კოპალიანს, ვიცე-რექტორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს, მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას - დიდი სიყვარულისთვის, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, -ამბობს მაესტრო ირაკლი კალმახელიძე. სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ერთგულად აგრძელებს ტრადიციას და ახალ თაობას, ახალ რეპერტუართან ერთად, იმ პოპულარულ ქართულ თუ უცხოურ ჯაზურ კომპოზიციებს გადასცემს, რომლებსაც წინა თაობის ვარსკვლავები წარმატებით ასრულებდნენ. “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრში ძველი და ახალი თაობის გასაოცარი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები უკრავენ: ირაკლი კვანჭიანი, თემურ მაისაშვილი, ცნობილი მეცნიერი - პროფესორი ამირან ცქიტიშვილი, კაკო ვაშალომიძე, რომელიც სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 1974 წლიდან შეუერთდა, ირაკლი კალმახელიძე, ზურაბ ცაგარელი, ბიჭიკო ქადაგიშვილი, გიორგი გვალია, დიმიტრი ლეკვეიშვილი, ვახტანგ კალმახელიძე, რომან პოღოსოვი, ვალერი პილტაკიანი, ამირან მარტიაშვილი, გრიგოლ მელაძე, ბარბარე წითლაური, გიორგი ზანაძე, აკაკი მამალაძე, მერაბ სანოძე, ლევან კვირიკაშვილი, თამო ჩომახიძე. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა სოლო მომღერლები, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ ქართულ და უცხოურ ჯაზს და ბლუზს: ბარბარა სამხარაძე, გიორგი ტატიშვილი, სოფო სიხარულიძე, ნუციკო მერაბიშვილი, საბა ღურწკაია, გიორგი ტატიშვილი და სხვები. სწორედ ჯაზ-ორკესტრის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები ქმნიან ერთად იმ განუმეორებელ აურას, რომელიც აღაფრთოვანებს აჯადოებს მსმენელს. უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრსა და „გეპეის ჯაზს“ ღირსშესანიშნაც თარიღებს”, - აღნიშნავს ბადრი ლებანიძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში, გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრმა შეიტანა. ათეულობით წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა.

ბოლო სიახლეები