ხუთშაბათი, სექტემბერი 17, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა.

მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. რუსუდან ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს გასულ წელს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ უკვე მეორედ აღვნიშნავთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღეს. ერთი წლის მანძილზე, რექტორის მხარდაჭერით, ფაკულტეტზე განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს კომფორტულ გარემოს უქმნის. უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და რაც მთავარია, ესაა მუდმივი პროცესი. უნივერსიტეტში ტარდება დასაქმების ფორუმი, რაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს. Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ისარგებლა 9 სტუდენტმა და 10-მა პროფესორ-მასწავლებელმა. ფაკულტეტზე წარმატებით მუშაობს ტრენინგ-პროგრამა, რომელშიც სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფაკულტეტმა 12 პროგრამის ავტორიზაცია-აკრედიტაცია გაიარა. ვთვლი, რომ ეს არის დიდი წარმატება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის ხარისხის სამსახურს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, უცხოელ პარტნიორებს. თანამედროვე განათლების სისტემა მუდმივად მოითხოვს განახლებას, პროგრამებში ხორციელდება მოდიფიცირება“, – აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, რუსუდან ქუთათელაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს, სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, 300 სტუდენტი ამთავრებს. როგორც დეკანმა განაცხადა, ყოველსემესტრულად 60 სტუდენტი იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, ფაკულტეტს დაწესებული აქვს სამი სახელობითი სტიპენდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მიულოცა. როგორც რექტორმა განაცხადა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წლისაა, არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი.

„“განათლება ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს”, – ბრძანა იაკობ გოგებაშვილმა. უნივერსიტეტი და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საქართველოს მომავალ თაობას განათლება, ეს ორლესული იარაღი, სამშობლოს საკეთილდღეოდ გადასცეს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპული სტანდარტის სწავლა-სწავლების პროცესში სტუდენტს, როგორც სამეცნიერო მიმართულებით აძლევს განვითარების საშუალებას, ასევე კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეულია. დღეს დიპლომებს გადავცემთ დოქტორანტებს, რომლებიც ხვალ, როგორც ჩვენი კოლეგები, აქ მიღებულ განათლებას გადასცემენ სხვებს. თაობა შეიცვლება და ისინი, ისევე როგორც ჩვენ, იამაყებენ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ კოლეგას, სტუ-ის საპატიო დოქტორს, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს ვილჰელმ ჰაუზერს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებისთვის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიაში. ჩვენი კოლაბორაცია არის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. მადლობა ფაკულტეტს, დეკანს, თითოეულ პროფესორ-მასწავლებელს, სტუდენტებს. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს რექტორმა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, სტუ-ის საპატიო დოქტორს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის, ასევე, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესორ-მასწავლებლების კვლევებში ჩართულობის მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი, ხოლო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს: მარინა მეტრეველს, ლევან გრიგალაშვილს, თემურ ყანდაშვილს, გიორგი ბაღათურის, მერაბ მიქელაშვილს და ანზორ აბრალავას საპატიო დიპლომები გადასცა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა წლის საუკეთესო პროფესორის ნომინაციაში გამარჯვება მიულოცა თამარ ხინიკაძე-გვარამიას. წლის საუკეთესო სტუდენტი კი ლუკა ნადიბაიძე გახდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 22:22 საათზე, დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელ მამიშლარიდან 5კმ-ში მოხდ .მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – თუ გვინდა, დავინახოთ, რომ ევროპული იდეა ცოცხალია, შევხედოთ უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირში უნდა შეიქმნას იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროპელებს ექნებათ განცდა, რომ საერთო სახლს ეკუთვნიან.ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია.მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნები მალე მიიღებენ ევროკავშირში გაწევრიანების გზამკვლევს, სადაც მათი პროგრესი იქნება ასახული.„ჩვენ უნდა შევქმნათ იმის განცდა, რომ რაღაცა უფრო დიდს, საერთო სახლს ვეკუთვნით. ჩვენ, ევროპელები, ყოველთვის ერთად ვიქნებით. თუ ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ ევროპული იდეა ცოცხალია, უნდა შევხედოთ უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს. ახლოდან უნდა შევხედოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირთან ახლოს არიან, რადგანაც მათი მომავალი ჩვენს კავშირშია. მალე შევთავაზებთ გზამვლევს კანდიდატებს, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს. ეს პროცესი კვლავ იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული და კვლავ ვიმეორებ – ჩვენი ღირებულებებისადმი პატივისცემა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი...

თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე - ისევ ძალაშია ეს პოლიტიკური შეთავაზება ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.ირმა ინაშვილის თქმით, ტრადიციონალისტთა ველი პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ირაკლი კობახიძის.„ტრადიციონალისტთა ველი რომ ავიღოთ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ ველზე, დღესაც კი, ღარიბაშვილს, რომელიც პატიმრობაშია, წაყენებული აქვს ესა თუ ის ბრალი, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება მის შესახებ, ამ ვითარებაშიც კი გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი, ვიდრე კობახიძის“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.ინაშვილის განცხადებით, თვითონ ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილის სახლიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს, კითხვებს აჩენს, რადგან თანამედროვე ეპოქაში, როცა ციფრული ფული არსებობს, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სახლში არავის აქვს.„პატარა რამე ხომ არ არის, როდესაც ყოფილი პრემიერ - მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ადვოკატების პირით საჯაროდ ამბობს, რომ არც ოქროს ზოდები ყოფილა მის სახლში და არც არანაირი ძვირფასი ნივთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთები მჩხრეკავებმა მიიტანეს და დადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ამაზე უფრო დეტალურად ილაპარაკებენ.დღეს უკვე „ქეშ" ფულს აღარ ინახავენ სეიფში, არც ჩინოვნიკები, არც ბიზნესმენები. თანამედროვე ეპოქაა, ციფრული ფული არსებობს, ბიტკოინი. თვითონ ის ფაქტიც, რომ დევს იქ, ესეც კითხვებს შეიცავს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.კითხვაზე, მოიაზრებთ თუ არა თქვენს პოლიტიკურ გუნდში გრიგოლ ლილუაშვილსაც, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არ მოიაზრებს, რადგან გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა.„ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა მაშინაც კი, როცა ერთად ვიყავით პარლამენტში, ის არ გამოირჩეოდა იმით, რომ პოლიტიკოსია, თუმცა ეს შარმი ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიტიკოსი ნამდვილად იყო და არის. საკანშიც კი თავისი წონა აქვს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – ეს უკვე არის სრულყოფილად გადასვლა ტერორის სახელმწიფოში

ლილუაშვილს 13 წელი - ეს უკვე არის ამ სახელმწიფოს სრულყოფილად გადასვლა ტერორის სახელმწიფოში, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის ყოფილი უფროსისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას.სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლილუაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა, რუსეთის პერსონალური დაკვეთაც ყოფილიყო, რადგან სწორედ რუსეთს არ აწყობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცდილი კადრი საერთაშორისო კონტაქტებით.„რაზე ისჯება ლილუაშვილი, რა არის ეს შურისძიება, რომელიც მასზე ხორციელდება? ჩვენთვის გარედან რთული სათქმელია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, ეს რა არ არის. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ კორუფციის და „ქოლ-ცენტრების“ გამო დასჯა, რადგან ეს ყველგან არის გავრცელებული და ყველამ იცოდა, პირველ რიგში ივანიშვილმა და მთელმა გუნდმა. ბინები, სახლები, მანქანები, ეს ხშირად იყო ნაჩვენები თუნდაც ტელევიზიის საშუალებით, ამიტომ აქ არაფერი არ იმალებოდა და აქ არ არის დამარხული მგლის თავი. სხვა რამეშია საქმე, ეს ნათლად არის პოლიტიკური საქმე, როგორი პოლიტიკური საქმეც ნათლად არის ღარიბაშვილის საქმე. კორუფცია რომ არის ეს ვიცით, ვინ არ არის კორუფციაში ჩაფლულ იმ დიდი გუნდიდან, რომელიც ქმნის „ქართულ ოცნებას“? ვერავის ვერ დავასახელებ. პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვისზეც თავს დავდებთ, რომ ის ნამდვილად არ არის რაიმე გარიგებაში და არაფერ ფულს არ იღებს. ასეთი ადამიანები აღარ არიან, შეიძლება იყვნენ, მაგრამ აღარ არიან.შეიძლება ვივარაუდოთ, რა ხდება - აქ არის დანაშაული პერსონალური ივანიშვილის წინაშე, თუ პერსონალური პოლიტიკური დანაშაული რუსეთის წინაშე? ეს ხომ არ არის რუსეთის შურისძიება? ეს ხომ არ არის რუსეთის დაკვეთა, რომ ამ უწყებაში, სუს-ში არ იყოს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, ასევე საერთაშორისო კონტაქტები და ნდობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი – რადგან ბრალდებული არ აღიარებდა, ბუნებრივია, მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენს

მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენს. ეს მათი უფლებაა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გარანტირებულად დაცული იყო.„საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრებას. რადგან ბრალდებული არ აღიარებდა, ბუნებრივია, მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენს. თუ ისინი აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ, ესეც მათი უფლებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გარანტირებულად დაცული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაცვის მხარეს ყველაფრით შეეძლო ესარგებლა, რა ბერკეტიც არსებობს. ისინი არცერთ ეტაპზე არ შეზღუდულან რაიმე გარემოებით. თუნდაც დროის თვალსაზრისით, ისინი არასდროს ყოფილან შეზღუდული“, - განაცხადა პროკურორმა.კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს: „მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია“.„მე ვერ გეტყვით, გრიგოლ ლილუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები როგორ მოიქცევიან ან რა სტრატეგია ექნებათ, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არანაირად არ განსხვავდება სამართლებრივ ჭრილში სხვა საქმეებისგან, როგორც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულსა თუ ბრალდებულს აქვს უფლება, ისარგებლოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით, ანალოგიური შემთხვევა იქნება გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებითაც. თუ ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ. მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა პროკურორმა.მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით, რომელთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ერთმანეთთან და მტკიცებულებებთან თანხვედრაში.„ამ საქმეზე ხშირად მესმოდა, რომ მთავარი მოწმე იყო რომეო მიქაუტაძე, თუმცა ოთხ ეპიზოდს ვედავებოდით. აქედან ორ ეპიზოდთან მიმართებაში რომეო მიქაუტაძეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ფაქტია რომ დაადასტურა მის მიერ ჩადენილი ქმედება. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციას, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში და შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა პროკურორმა.კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

ბოლო სიახლეები