ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა

„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ, ცნობილი მკვლევრისა და სამართალმცოდნის, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის – პროფესორ ალექსანდრე (ალიკო) ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსებით დაჯილდოვდებიან. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი უსაყვარლესი კოლეგის სახელი ამ გზითაც იქნება უკვდავყოფილი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახს ნიჭიერი სტუდენტების წახალისებისა და მათთვის დაფინანსების დაწესებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სახელობითი დაფინანსების დაწესების თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცნობილი სამართალმცოდნისა და მკვლევრის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ალექსანდრე ტალიაშვილის ვაჟმა – გიორგი ტალიაშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახის წევრებმა.

 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სახელობითი დაფინანსების დაწესების მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრების მხარდაჭერა ისეთი ინტერდისციპლინური ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს სტრატეგიულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, საინვესტიციო, ტექნოლოგიურ და რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მემორანდუმი არ მოიაზრებს რომელიმე ერთ კონკრეტულ დისციპლინასა თუ სექტორს. მისი ძირითადი დანიშნულებაა იმ იდეების, ნაშრომებისა და კვლევების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ცოდნისა და ანალიზის მეშვეობით გააძლიერებს.

„ჩვენ გვქონდა ბედნიერება, საუნივერსიტეტო სივრცეში ურთიერთობა გვქონოდა შესანიშნავ იურისტთან და მკვლევართან, აკადემიური საბჭოს წევრთან – პროფესორ ალიკო ტალიაშვილთან, რომელიც გამოირჩეოდა თავისი პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფუძნებაში. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი დაჯილდოებული იყო შესაშური პედაგოგიური უნარებით და უდიდეს ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობის დაფინანსება, რომელიც გადაეცემა კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო სტუდენტურ ჯგუფს.

დარწმუნებული ვართ, ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ახალგაზრდებს იფიქრონ ინოვაციურად, იმუშაონ გუნდურად და საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარების სამსახურში ჩააყენონ. პროფესორ ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსების მიღება ახალგაზრდებისთვის იქნება არა მხოლოდ მათი წარმატების აღიარება, არამედ პასუხისმგებლობაც – ემსახურონ ქვეყანას პროფესიონალიზმითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამსჭვალულნი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელობითი დაფინანსება ორიენტირებული იქნება სტუდენტთა ინტერდისციპლინურ თანამშრომლობაზე, რადგან თანამედროვე სამყაროში სწორედ სხვადასხვა სფეროში აკუმულირებული ცოდნის გაერთიანება ქმნის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს. უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ამ დაფინანსების ფარგლებში არაერთი საინტერესო სტუდენტური ინიციატივა განხორციელდება, რომელიც თავის რეალურ წვლილს შეიტანს საქართველოს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, სამართლებრივ და სოციალურ განვითარებაში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახს ამ ღირსეული გადაწყვეტილებისთვის“, — აღნიშნა თამარ წერეთელმა.

გარდაცვლილი მეცნიერის შვილის განცხადებით, ტალიაშვილების ოჯახისთვის დიდი პატივია სახელობითი დაფინანსების დაწესება იმ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სადაც პროფესორი ალექსანდრე ტალიაშვილი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. მისი განმარტებით, სახელობითი დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 2000 ევროს ექვივალენტით ლარში და აღნიშნული ჯილდო კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულ ინტერდისციპლინურ სტუდენტურ ჯგუფს ან ჯგუფებს გადაეცემათ. როგორც გიორგი ტალიაშვილმა აღნიშნა, ჩასატარებელი კონკურსის ვადებისა და პირობების, დაფინანსების გაცემის წესისა და შეფასების კრიტერიუმების, ასევე საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების შესახებ მემორანდუმის მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება.

სტუ-ის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იურისტსა და მკვლევარს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველ ალექსანდრე ტალიაშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი 1924 წელს, სიცოცხლეშივე გადაეცა; ხოლო რექტორის – აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებითა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ფოტოსურათი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა და პედაგოგთა გალერეაშია განთავსებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული. მანანა კობახიძეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ ზურაბ გუდავაძესა და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძეს შეხვდნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში იაპონიის დელეგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ: კომპანია Riken Kogyo Co., Ltd.-ის პრეზიდენტი და დირექტორი იუკიჰირო შიბაო და წარმომადგენელი ჯუნიჩი ტაკამია; HAGIHARA INDUSTRIES INC.-ის უფროსი გენერალური მენეჯერი მასაკაზუ საკო; KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტომონორი დეგუჩი; ArkEdge Space Inc.-ის უფროსი ექსპერტი შიო კამიბაიაში; SPEC CORPORATION JAPAN-ის გენერალური მენეჯერი იოჰეი სომა; PADECO Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტეცუია სუგიმოტო; Tokai-Denshi Inc.-ის წარმომადგენლობითი დირექტორი ტარო ოკამურა; JGC HOLDINGS CORPORATION-ის აღმასრულებელი ოფიცერი იოშიმიცუ ტაკანიში; ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრის უფროსი მრჩეველი შინსაკუ ფუკაზავა; იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჰოკაიდოს ცენტრის თანამშრომელი მარინა კიდო და ექსპერტ-კონსულტანტი მასაკი კოდა; ასევე, გაზეთ Hokkaido Kensetsu Shimbun-ის ჟურნალისტი იუკი ოსაკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებების გამოვლენას. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, იაპონიის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა საინჟინრო, ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების სფეროების პერსპექტივიდან იქნეს განხილული.„იაპონიის დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტების საქმიანობასა და კვლევით მიმართულებებს, რაც დელეგაციის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული ინტერესების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იაპონელი სტუმრები წარმოადგენენ იაპონიის სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, მათ შორის საინჟინრო, სამრეწველო, ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ, საკონსულტაციო და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც სამრეწველო წარმოებასა და საინჟინრო პროექტების მართვას, ისე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საერთაშორისო განვითარების პროექტებში მონაწილეობას.დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, იუკიჰირო შიბაოს ხელმძღვანელობით მოქმედი Riken Kogyo Co., Ltd.-ი სპეციალიზებულია თოვლის, ქარისა და ქვიშისგან დამცავი ღობეების პროექტირებაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიის საქმიანობა უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაუმჯობესებას განსაკუთრებით რთული კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქარბუქის, თოვლის დაგროვებისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული პრობლემების პრევენციისთვის.დელეგაციაში წარმოდგენილი HAGIHARA INDUSTRIES INC.-ი სამრეწველო წარმოებისა და ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს, ხოლო KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ი, SPEC CORPORATION JAPAN-ი, Tokai-Denshi Inc.-ი და JGC HOLDINGS CORPORATION-ი სხვადასხვა საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ბიზნესმიმართულებას წარმოადგენენ. ArkEdge Space Inc.-ი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მცირე თანამგზავრების განვითარების სფეროში მუშაობს, PADECO Co., Ltd.-ი კი საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგრეთვე ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრისა და JICA-ს წარმომადგენლები, რაც ვიზიტის პროფესიულ და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ განზომილებას აძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალი, რაც ქმნის მყარ საფუძველს აღნიშნულ კომპანიებთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, როგორც იაპონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულებებისა და კვლევითი პოტენციალის შესახებ, გაეცნო ფაკულტეტების გამოცდილებას და გამოკვეთა ურთიერთთანამშრომლობისთვის საინტერესო სფეროები, რაც მყარ საფუძველს ქმნის სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და აკადემიურ და ინდუსტრიულ სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის.

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა

ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.ამასთან დაკავშირებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად - არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „McDonald’s საქართველოს“ ადამიანური რესურსების მართვის გუნდის წევრებს შეხვდნენ და ამ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პირველკურსელებმა პირველწყაროდან შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება სწავლის პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წარმატებული კარიერის დაწყება.შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე. კომპანიის მხრიდან კი სტუდენტებს HR გუნდის წევრი ნათია კელაპტრიშვილი „McDonald’s საქართველოში“ დასაქმების ახალგაზრდებზე მორგებული სქემების, მოქნილი შეთავაზებებისა და ორმხრივი სარგებლის შესახებ ესაუბრა.კომპანიის წარმომადგენელმა პირველკურსელებს ვრცლად გააცნო ორგანიზაციის შიდა კორპორაციული კულტურა, კარიერული ზრდის ეტაპები და ის უპირატესობები, რასაც ბრენდი საკუთარ გუნდს სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია დიდ ინვესტიციას დებს ახალგაზრდა კადრების პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების, შერჩევის ეტაპებისა და იმ სოციალური პაკეტების შესახებ, რომლებიც თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ნათია კელაპტრიშვილმა აღნიშნა, რომ „McDonald’s“-ი ბევრი წარმატებული პროფესიონალისთვის სწორედ ის პირველი საფეხური აღმოჩნდა, რომელმაც მათ მყარი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა.სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესი „McDonald’s საქართველოსთან“ მიმართებით არის ის, რომ კომპანია სტუდენტებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან სრულად თავსებადია.„საუნივერსიტეტო პროექტის - „დასაქმება სწავლის პარალელურად“ ფარგლებში დამსაქმებლებთან ახალ, 2026-2027 სასწავლო წლის შეხვედრების სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო ადგილების მოძიებაში, რაც მათ ნამდვილად ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს. ამჯერად ჩვენი სტუმრები „McDonald’s საქართველოს“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველკურსელებს შევახვედრეთ. პირველკურსელთა ჩართულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ კომპანია მათ ზუსტად მათზე მორგებულ, რამდენიმესაათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა წარმატებულ სწავლასთან ერთად, პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზეც გადადგან“, - აღნიშნავს ნატო ქათამაძე.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა აქტიურად დასვეს კითხვები ანაზღაურების, გრაფიკის შეთავსებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. „McDonald’s საქართველოს“ HR გუნდის წევრებმა თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს და ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა პირველკურსელებს, კომპანიის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

სგპ ,,ქუთაისის აეროპორტში” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. 235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 132 ლარია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 105 176 ლარი შეადგინა.ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ბოლო სიახლეები