შაბათი, სექტემბერი 12, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება – „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა და მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება – „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელშიც თბილისის მე-2, 160-ე, 161-ე, 181-ე, გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლება, ასევე, ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაცია იყო.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ ბიჩნიგაურმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს წაუკითხა საინტერესო ლექცია კიბერუსაფრთხოების ტენდენციებისა და სტატისტიკის შესახებ, ესაუბრა კიბერუსაფრთხოების ტიპებზე, როგორიცაა: ფიშინგი, მავნე პროგრამები, ვირუსები, ტროიანები, ასევე, გამოსასყიდი პროგრამები, რომლებითაც სისტემის დაზიანება, მონაცემების მოპარვა, ან გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკილი მონაცემების განბლოკვა ხდება; განუმარტა DDOS შეტევების პრინციპი, ესაუბრა შიდა საფრთხეებზე და კიბერშეტევებისგან დაცვის მეთოდებზე. გარდა ამისა, მოზარდებმა ავთანდილ ბიჩნიგაურისგან მიიღეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები და მარტივად შესასრულებელი რჩევები თავიანთი ციფრული სივრცის დაცვის შესახებ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა გიორგი ფაცაციამ მოსწავლეებს სახალისო ვიქტორინა ჩაუტარა და 3 გამარჯვებული გამოავლინა: ნატალი ნატროშვილი – გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლიდან, ნიკა ხაბულიანი – თბილისის 160-ე საჯარო სკოლიდან და მარიამ ჯაშიაშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლიდან.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, მოსწავლეებთან შეხვედრა გაჯერებული იყო ახალი ცოდნის მიღების სურვილითა და ინტერაქტიულობით, რითაც რეალურად გახდა შესაძლებელი მოზარდების ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება.

„სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით, შესაძლებლობა მოგვეცა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ჩაგვეტარებინა სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ღონისძიება. საგულისხმოა, რომ თემატიკა მოზარდების ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. შესაბამისად – ლექცია, მსჯელობა, ვიქტორინა თუ პრაქტიკული მაგალითები მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის იმ მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობას, რომლებიც ციფრულ ეპოქაში მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, გვიზიარებდნენ თავიანთ დაკვირვებებს, ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცოდნის გაღრმავებას, პასუხისმგებლიანი ქცევების ჩამოყალიბებასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც უსაფრთხო ინფორმაციით სარგებლობისთვის არის აუცილებელი. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი მხარდაჭერით, ყოველთვის მზად არის, საჯარო სკოლების მოსწავლეებს და შესაბამისად, მომავალ თაობას შესთავაზოს ინტერაქტიული და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო-კვლევითი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი ცოდნის მიღება. დარწმუნებული ვართ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიერ მომზადებული „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ მრავალ მოსწავლეს მისცემს მოტივაციას, გაიღრმავოს ცოდნა ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – ამბობს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციისა და ვიქტორინის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, მუზეუმი, ასევე, საპრეზენტაციო, ინოვაციურ პროექტებზე სამუშაო და სხვა დამხმარე სივრცეები, რომლებიც სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურამ გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა

საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და  ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი.გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.გიორგი ბარამიძის განცხადებით შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პატრიარქი – სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა გული გაუხსნას ღმერთს, სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, აღვაპყროთ...

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა აღნიშნა, რომ მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, განსაკუთრებით გვჭირდება ლოცვა და ღვთის შეწევნა.„დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს, იოანეს, მის თავისკვეთას.თქვენ გახსოვთ, უფალმა იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, რომ ის არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11). ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში არის ხატი, „დეისუსად“ წოდებული, რაც „ვედრებას“ ნიშნავს. მასზე გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი – წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ისინი ევედრებიან უფალს მთელი მსოფლიოსთვის, წმინდა ეკლესიისთვის, ასევე - ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესავთ მათ ლოცვებს, მათ მეოხებას. დღეს კი განსაკუთრებით მხურვალედ მივმართავთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რადგან დღეს არის მისი დღესასწაული.მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და, პირველ რიგში, გვასწავლის სინანულს; დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რათა მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება.მისი მსახურება დაკავშირებული იყო სინანულთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად.სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს.ჩვენი რწმენა, რომელიც განიცდის მრავალ წინააღმდეგობას, განსაცდელს, ბრძოლას, ასევე – გარედან ზეწოლას, ძლიერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება სინანულის უნარი და სინანულის გამოცდილება.კიდევ რომელი დიდი სათნოების მასწავლებელია იოანე ნათლისმცემელი? შეგახსენებთ, როდესაც მოციქულებმა სთხოვეს უფალს, ესწავლებინა ლოცვა, შემდეგ რა თქვეს? – გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ნათლისმცემელი ასწავლიდა თავის მოწაფეებსო (ლკ. 11, 1). ე. ი. იოანე ნათლისმცემელი არის დიდი მოძღვარი ასევე ლოცვისა.დღეს ვთხოვოთ მას, ლოცვაც გვასწავლოს, მისი მეოხებით, მისი ლოცვით ეს დიდი სათნოებაც მოვიპოვოთ, რამეთუ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, განსაკუთრებით – წმინდა იოანე ოქროპირი თუ სხვები ასევე, არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი, არათუ უტკბესი და მასზე ძლიერი, არამედ მასთან გათანაბრებულიც კი არაფერი არ არისო, – ასე ამბობენ. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, ლოცვის შედეგად გვეძლევა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი სარგებელიც, მანამდე, სანამ მივიღებთ იმას, რასაც ვთხოვთ ლოცვაში ღმერთს.ჩვენ ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელს თაყვანს ვცემთ, რადგან იგი ეწამა სიმართლისთვის, ჭეშმარიტებისთვის. ამისთვის მოჰკვეთა მას თავი ჰეროდე მეფემ. ჩვენ თაყვანს ვცემთ, რადგან ჭეშმარიტება ყველასთვის უძვირფასესია. რატომ? იმიტომ, რომ მასში არის ხსნა და გადარჩენა.წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, შეგვაძლებინოს უფალმა და მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში, მოგვცეს სიმამაცე, რომ ყოველთვის ვთქვათ და დავიცვათ სიმართლე.წმინდა იოანე ნათლისმცემლის გარდა, იყვნენ აგრეთვე ძალიან დიდი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც ასევე იტანჯნენ და მოკვდნენ კიდევაც მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლე დაეცვათ, ჭეშმარიტება ექადაგათ და ესწავლებინათ ადამიანებისთვის. თუ ამას ვერ შევძლებთ (ანუ თუ ვერ შევძლებთ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ამისთვის), ის მაინც შევძლოთ, რომ ვიცხოვროთ სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის, რათა სხვებშიც აღვძრათ ეს სიყვარული სიმართლისა და ერთგულება ჭეშმარიტებისა.აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად მივიღებთ მათგან მადლიან შეწევნას და დახმარებას.კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, სინანულის გზით ვიაროთ და ჩვენთვის, ჩვენი სულების საცხონებლად გადავიდეთ მიწიური ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა. ამინ!“,- ბრძანა პატრიარქმა.

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3-ის ტიპის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შეიძენს.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა Patriot-ის სისტემების აღჭურვილობის შეძენას შეძლებს, რათა რუსეთის თავდასხმებისგან თავი უკეთ დაიცვას.„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა, რათა უკრაინას თავდაცვის სხვადასხვა საშუალების შეძენაში დავეხმაროთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან და ნატო-სთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სგპ “სარფის” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 642 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვსივე კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, დაჯარიმდა და ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისში კვების რამდენიმე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს.„ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა თბილისში, აღმაშენებლის #36-ში მდებარე რესტორანში შპს „ბეთული“ (ს/კ 404727246); ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში; გარდა ამისა, დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც შპს „ბეთული“ დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“ (ს/კ 436059113), რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმე უ. მ-ის საშაურმეს (ქეთევან დედოფლის გამზირი 65), შპს „სომხურ ეზოს“ (ს/კ 404809132; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N7ა), შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (ს/კ 402369405; ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 112), შპს „ინდურ ზაიკას“ (ს/კ 406541470, ქ. თბილისი, ახმეტის ქუჩა 14) და ინდივიდუალური მეწარმე ჰ. ს-ის ობიექტს (ქ. თბილისი, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16), შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ს/კ 400456396, ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 47/49), შპს “არქეი რესთორანთ 02”-ს (ს/კ 405554684; ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N6), შპს „როიალ ქითჩენ ისანს” (ს/კ 405794868; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N76, შპს “ელაკკას” (ს/კ 406499294; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N19ა), შპს „მაუჯ ექსპრესს“ (ს/კ 405869074, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 19ა) და შპს “რესტორან სეულს” (ს/კ 405185428, ქ. თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N7).განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდივიდუალური მეწარმე ი. შ (თბილისი, პეკინის 31ბ) და შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716; ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. 3) 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ.მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები